ირაკლი კობახიძე - სათანადო მიდგომა თუ იქნება, შეთანხმება მიღწევადია, ოპოზიციამ ერთხელ მაინც უნდა გამოავლინოს რაციონალური მიდგომა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სავარაუდო შეთანხმებაში ოპოზიციის მიერ შესასრულებელი ერთადერთი პირობა პარლამენტში შესვლაა და დანარჩენი „ქართული ოცნების“ მიერ შესასრულებელი ვალდებულებებია.
„მე უკვე გითხარით ერთადერთი პირობა ოპოზიციის მხრიდან, ვალდებულება, რაზეც არის საუბარი ამ სავარაუდო შეთანხებაზე, არის პარლამენტში შემოსვლა, წარმოიდგინეთ და ამაზეც თუ შეიძლება კიდე რაღაცა დისკუსია გაგრძელდეს, ეს მე არ ვიცი, ანუ ერთადერთი, რაც დევს მათ მხარეს არის ეს, დანარჩენი არის „ქართული ოცნების“ მიერ შესასრულებელი ვალდებულებები“, – აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძე იმედოვნებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კეთილგონიერებას გამოიჩენენ.
„ვნახოთ, დაველოდოთ, ამაზე ჩვენ გარანტიას ვერავის მივცემთ, მაგრამ თუ ისინი სათანადო მიდგომას გამოავლენენ, ანუ თუ ექნებათ რაციონალური დამოკიდებულება მოლაპარაკების პროცესის მიმართ და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ამ შემთხვევაში მიღწევადი არის შეთანხმება, ოღონდ ეს არის დამოკიდებული იმაზე, რომ ერთხელ მაინც, ამ ოპოზიციამ, რომელიც საერთოდ არ გამოირჩევა რაციონალური მიდგომით, უნდა გამოავლინოს რაციონალური მიდგომა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, „გარდამავალ პარლამენტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევლენ პარლამენტში და იმუშავებენ რამდენიმე თვე რეფორმებისთვის, იყო თუ არა ამაზე საუაბრი“, – კობახიძის შეფასებით, აღნიშნული კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ ოპოზიცია რაციონალურად არ ფიქრობს.
„ორი წუთის წინ ვსაუბრობდი იმაზე, რომ ერთხელ მაინც თუ გამოავლენენ რაციონალურ მიდგომას და ეს ნარატივი, ეს მესიჯები, რითაც ისინი საუბრობენ, არის კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ისინი რაციონალურად არც ფიქრობენ და არც საუბრობენ, დღეს ეს ასე ყოფილა, მე არ ვიცოდი, იმედია, ხვალისთვის მაინც შეიცვლიან დამოკიდებულებას, რადგან საერთაშორისო პარტნიორების უპატივცემულობა მათ არ შერჩებათ არავითარ შემთხვევაში, არც ბორელის ლანძღვა შერჩებათ, არც ის, რომ აქ პირობებს არღვევენ და არც ის შერჩებათ, რომ რაციონალური დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან იმ შეთანხმების მიმართ, რომელსაც მათ ხელი უნდა მოაწერონ“, – განაცხადა კობახიძემ.