ირაკლი კობახიძე - სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე პრინციპების დონეზე ვისაუბრეთ, მეორე შეხვედრაზე წარმოვადგენთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც კანონპროექტში აისახება
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, სასამართლო რეფორმის ფარგლებში გამართულ საინიციატივო ჯგუფის შეხვედრაზე პრინციპების დონეზე განიხილეს ის წინადადებები, რომლებიც მხარეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გამწესების პროცედურებსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით წარმოადგინეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ერთი კვირის ვადაში ჩაინიშნება და სწორედ ამ შეხვედრაზე შედგება დისკუსია წარმოდგენილი წინადადებებიდან რომელი და როგორ აისახება უკვე საკანონმდებლო ორგანოში დასაინიცირებელ კანონპროექტში.
„საუბარი იყო ყველა დეტალზე, რაც პრინციპული მნიშვნელობისაა. დაწყებული იმით, თუ რამდენად უნდა იყოს ღია ეს კონკურსი, რომელიც გამოცხადდება, შემდეგ როგორი უნდა იყოს პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როგორ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს მიერ, როგორ უნდა უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი პარლამენტში – ამ ყველაფერზე გვქონდა ჩვენ დღეს საუბარი.
დღეს, ბუნებრივია გადაწყვეტილებებს ვერ გამოვაცხადებთ, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ პრინციპების დონეზე გვქონდა საუბარი ამასთან დაკავშირებით. მეორე შეხვედრაზე უკვე გვექნება იმის საშუალება, რომ დეტალურად წარმოგიდგინოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა გაიმართა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს.
სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. განხილვის პროცესს პროტესტის ნიშნად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.