ირაკლი კობახიძე - სასამართლოს დამოუკიდებლობის მხრივ, ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო ერთ-ერთი ლიდერია
„სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, რადგან სასამართლო სისტემის ნდობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის კეთების კუთხით“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გააცნო და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და გაძლიერებაა.
„ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერების მიმართულებით და თუ სხვადასხვა კვლევას დავეყრდნობით, ამ მხრივ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. მაგალითად, Heritage Foundation-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს ევროკავშირის წევრი 11 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მხრივ, რაც უდიდესი წარმატება და უდიდესი მიღწევაა.
თუ აქამდე ამ მხრივ ვლიდერობდით ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, ახლა უკვე ევროპის ქვეყნებს შორის ვართ ერთ-ერთი ლიდერები ამ მიმართულებით, რაც ნამდვილად ძალიან დიდი წარმატებაა. სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის, რადგან სასამართლო სისტემის ნდობა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის კეთების საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.