ირაკლი კობახიძე - სასამართლო სისტემის რეფორმაზე მსჯელობისას გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს
ირაკლი კობახიძე - სასამართლო სისტემის რეფორმაზე მსჯელობისას გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს

დისციპლინური სამართალწარმოება და სასამართლოების გადატვირთულობა არის ის ორი ძირითადი საკითხი, რაზეც სასამართლო რეფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობენ.

პარლამენტის თავმჯდომარე სასამართლო რეფორმის “მეოთხე ტალღის” ფარგლებში მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, სამოქალაქო საზოგადოება და დეპუტატები ესწრებიან.

როგორც შეხევდრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე განაცხადა, წინა შეხვედრაზე გამოიკვეთა 4 ძირითადი საკითხი, თუმცა დღეს მხოლოდ ორ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელებენ, დარჩენილ ორზე მსჯელობისთვის კი უახლოეს დღეებში ჩაინიშნება მსგავსი სამუშაო შეხვედრა.

ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრები კონსტრუქციულ რეჟიმში გაიმართება და იქნება პროდუქტიული.

“ჩვენ გვქონდა საკმაოდ პროდუქტიული პირველი შეხვედრა, რომელიც დაეთმო სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხებს, გამოიკვეთა იქ ოთხი ძირითადი მიმართულება, რომელზეც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სამუშაო პროცესი წარიმართება კონსტრუქციულ გარემოში. იყო ძალიან საინტერესო წინადადებები შემოსული ოთხივე საკითხთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა დამატებით სხვა საკითხები, რომლებზეც ალბათ ჩვენ დაგვჭირდება მუშაობა და ვფიქრობ, რომ ეს წინადადებები მთლიანობაში ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რათა სიღრმისეულად ვიმსჯელოთ სასამართლო რეფორმის დეტალებზე და კონკრეტულ ასპექტებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე დამსწრები მოისმენენ პრეზენტაციებს, რომელიც არის მომზადებული დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით და ასევე სასამართლოების გადატვირთულობაზე. პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ მოხერხდება პოზიციების შეჯერება.

“ერთ-ერთი მთავარი საკითხი, არის დისციპლინური სამართალწარმოება, სადაც უფრო წინ ვართ წასული, კონკრეტული კანონპროექტები არის მომზადებული ამ ნაწილში. დღეს გთავაზობთ, რომ ყურადღება დავუთმოთ განსაკუთრებით ამ საკითხს და ასევე გთავაზობთ, დღეს განვიხილოთ სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემა, აქაც არის რამდენიმე წინადადება. ჩვენ შემოგთავაზებთ პრეზენტაციებს და შემდეგ დეტალურად განვიხილოთ თითოეული საკითხი. რაც შეეხება დისციპლინურ სამართალწარმოებას, ჩვენთან გამოიგზავნა ორი ალტერნატიული ვარიანტი კანონპროექტი, სულისკვეთება არის ერთი და იგივე, თუმცა არის განსხვავებები ტექსტებს შორის. კარგი იქნება, თუ ორივე მხარეს ვთხოვთ ჩვენ პრეზენტაციას და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ შევჯერდეთ ერთ საერთო კანონპროექტზე, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეოთხე ტალღის ფარგლებში ასევე დაგეგმილია იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის წესის გადახედვა.