ირაკლი კობახიძე მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის საკითხზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება
ირაკლი კობახიძე მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის საკითხზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სასამართლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებთან დაკავშირებით დღეს შეხვედრას გამართავს.

ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორებს ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას, შეხვედრაზე მხარეები ასევე იმსჯელებენ იმაზე, რომ საბოლოო ფორმით მოხდეს ინიციატივის დარეგისტრირება. ახალი ინიციატივის მიხედვით ყველა იურისტს, ვისაც აქვს ხუთწლიანი მუშაობის გამოცდილება სფეროს მიუხედავად, მიეცემა კონკურსში მონაწილეობის უფლება, კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნებათ ისეთ კანდიდატებსაც, ვისაც მოსამართლის გამოცდა ჩაბარებული არ აქვთ. ასევე ცვლილებები იქნება იუსტიციის საბჭოს წევრების უზენაეს სასამართლოში განწესების წესთან დაკავშირებითაც.

„საერთაშორისო პარტნიორებს მივაწვდით ინფორმაციას. პარლამენტის თავმჯომარე გაუზიარებს მოსაზრებებს და გვექნება მსჯელობა იმისათვის, რომ საბოლოო ფორმით მოხდეს ამ კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში. პარლამენტის როლია, რომ პროცესი წარვმართოთ გამჭირვალედ. იქნება საკმარისი დრო იმისათვის, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ინდივიდუალურად მოუსმინოს თითოეულ კანდიდატს, რათა საზოგადოების მეთვალყურეობა ამ პროცესისადმი იყოს უზრუნველყოფილი”, – განუცხადა პირველ არხს ანრი ოხანაშვილმა. 

მისივე თქმით, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ინდივიდუალურად მოხდება თითოეული კანდიდატისთვის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა.