ირაკლი კობახიძე - საქართველოში ვერავითარი რევოლუციებით, აყირავებით „ნაცმოძრაობა“ ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში, საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი მშვიდობა, სიმშვიდე
ყველაფერს აკეთებთ უკრაინიზაციისთვის, ამისთვის გინდათ, გამოიყენოთ კანდიდატის სტატუსი, ნებისმიერი საბაბი, რომ ააყირავოთ ეს ქვეყანა და გამოიწვიოთ ქვეყანაში მეორე ფრონტი, მაგრამ ამის საშუალებას არავინ მოგცემთ, – ასე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში ვერავითარი რევოლუციებით, აყირავებით „ნაცმოძრაობა“ ვერასდროს დაბრუნდება ხელისუფლებაში, საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი მშვიდობა, სიმშვიდე.
„უკრაინიზაციას დავუბრუნდები კიდევ ერთხელ, არ მოგეწონათ ეს ტერმინი. რას ნიშნავს უკრაინიზაცია, პრემიერმა ამაზე ისაუბრა, მეც პატარა აქცენტებს გავაკეთებ. ორ-ნახევარჯერ გაიზარდა ოკუპაციის არეალი მას შემდეგ, რაც დაიწყო შარშან, 24 თებერვალს ომი. ორ-ნახევარჯერ მეტი ტერიტორია აქვს რუსეთს უკვე ოკუპირებული შარშანდელ ვითარებასთან შედარებით. მოსახლეობის ნახევარი, 40 მლნ-დან დაახლოებით 20 მლნ ადამიანი არის ან ლტოლვილი, ან დევნილი, ან ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აი, ეს არის უკრაინიზაცია, კარგად რომ იცოდნენ ჩვენმა კოლეგებმა. შარშან ჰქონდათ 35-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა. ეს არის კატასტროფა. რა გვქონდა ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისში, იყო ზუსტად ეს მაჩვენებელი. 35 პროცენტი ეკონომიკური ვარდნა არის უბრალოდ კატასტროფა. ინფრასტრუქტურა განადგურებული, 100 000-ზე მეტი დაღუპული, ახსენა პრემიერმა, 500 ბავშვია მარტო. ეს არის უკრაინიზაცია, რაც ავარიდეთ ჩვენ ჩვენს ქვეყანას და თქვენ ყველაფერს აკეთებდით ამისთვის საქართველოში. სიღარიბის აღმოფხვრამ მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემებით, გადაიწია 15 წლით უკრაინაში. ისედაც დასჭირდებოდა მინიმუმ 15 წელი, კიდევ 15 წლით გადაიწია. ეს ნიშნავს, რომ სიღარიბეს ვერ აღმოფხვრავენ უკრაინაში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში, სრული კატასტროფაა.
თურმე ევროპელი არასდროს არ უნდა გააკრიტიკო არავინ და ცინიკური განცხადებები მოვისმინეთ ჩვენ კონკრეტული ევროპელების მხრიდან უკრაინის მიმართ. ეს ხომ საქართველო არ არის. უკრაინაზე ამბობენ, რომ 2050 წლისთვის გახდება ევროკავშირის წევრი. ამ ყველაფრის ფონზე, ამხელა მსხვერპლისა და უბედურების ფონზე ასეთი განცხადება, ეს ხომ კატასტროფაა. როგორ შეიძლება, ასეთი ევროპული განცხადება, უბრალოდ, არ გააკრიტიკო, ეს ხომ კატსტროფაა. ამ ყველაფრის ფონზე, როცა კიდევ ამას გეუბნებიან, რომ 2050 წლამდე შეიძლება, ვერ გახდეს უკრაინა ევროკავშირის წევრი, ეს არის სწორედ უკრაინიზაცია. თქვენ რომ არ მოგწონთ ეს ტერმინი და სწორედ ეს უნდა ავაცილოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას. თქვენ ყველაფერს აკეთებთ უკრაინიზაციისთვის. ამისთვის გინდათ, გამოიყენოთ კანდიდატის სტატუსი, ნებისმიერი საბაბი, რომ ააყირავოთ ეს ქვეყანა და გამოიწვიოთ ქვეყანაში მეორე ფრონტი, მაგრამ ამის საშუალებას, ბუნებრივია, თქვენ არავინ არ მოგცემთ. ამის გარანტია პრემიერი, ამის გარანტია მთავრობა, ამის გარანტია მთლიანად ჩვენი მმართველი გუნდი. საქართველოში ვერავითარი რევოლუციებით, აყირავებით „ნაცმოძრაობა“ ვერასდროს დაბრუნდება, ვერ დაბრუნდებით ხელისუფლებაში. საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი მშვიდობა, სიმშვიდე და, რა თქმა უნდა, გამორიცხულია საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი. ეს არის ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა“, – განაცხადა კობახიძემ.