ირაკლი კობახიძე - საქართველოში რასაც კონკრეტული „ენჯეოშნიკები“ ამბობდნენ, იმავეს რომ კითხულობ ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს ყველა ზღვარს სცდება, ეს ნიშნავს პროფესიულ ეთიკასა და ღირსებაზე უარის თქმას
სამართლებრივად და ყველანაირი კუთხით არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტაცია, რასაც ვხედავთ ვენეციის კომისიის დასკვნაში. უფრო სწორად რომ ვთქვათ, იქ საერთოდ არ არის არგუმენტაცია წარმოდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
კობახიძის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის სამინისტროსთვის მინიჭებული უფლებამოსილება არის ის მინიმალური ბერკეტი, რითიც სახელმწიფოს შეუძლია, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა.
„ერთი მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს ფუნქციებს და მის უფლებებს მონიტორინგის კუთხით. მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებას, ამ შემთხვევაში, ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს ბევრად უფრო ფართო შესაძლებლობები და 1997 წლიდან დღემდე არასოდეს გამხდარა ეს ყველაფერი არც პრობლემის საგანი და, მით უმეტეს, არანაირი განხილვის თემა. ანუ, 1997 წლიდან პრობლემები არ შექმნილა.
რაც შეეხება იმ ბერკეტებს, რაც აქვს მინიჭებული იუსტიციის სამინისტროს, ეს არის მინიმალური ბერკეტი, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ათას აბსურდზე იყო საუბარი, თითქოს ინტიმურ ცხოვრებაში შეუძლია, შეიჭრას იუსტიციის სამინისტრო და ა.შ. იმდენად ღიმილის მომგვრელის მიღმაა ასეთი განცხადებები. ზუსტად იგივე ბერკეტები, მეტი აქვს მინიჭებული, მაგალითად, ანტიკორუფციულ ბიუროს პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით და არასოდეს არავინ შეჭრილა სხვა პირთა ინტიმურ ცხოვრებაში. სრული აბსურდია, სასაცილოც კი არ არის ეს ყველაფერი, რასაც ამბობდნენ კონკრეტული „ენჯეოშნიკები“ საქართველოში. გასაგებია, მათ აქვთ სუბიექტური ინტერესი, მაგრამ იმავეს რომ კითხულობ ვენეციის კომისიის დასკვნაში, ეს მართლა ყველა ზღვარს სცდება. ეს ნიშნავს პროფესიულ ეთიკასა და ღირსებაზე უარის თქმას, რაც პირდაპირ იკითხება ვენეციის კომისიის დასკვნაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით შეფასება 21 მაისს გამოაქვეყნა.