ირაკლი კობახიძე - საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას ვინც ითხოვს, პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სლოგანი და დაპირება არის ის, რომ მხოლოდ ღირსებით უნდა შევიდეთ ევროპაში, მხოლოდ იმ ფასეულობების გაფრთხილებით, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და როდესაც თავს გახვევენ ლგბტ პროპაგანდას, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას ვინც ითხოვს, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს, ვინაიდან ამ კანონს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტი უჭერს მხარს.
„არ შეიძლება, კონკრეტულმა ადამიანებმა ერთმანეთთან დააკავშირონ ისეთი ცნებები, როგორიცაა ევროპა და ლგბტ პროპაგანდა. ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეული ადამიანის უფლებას, ადამიანის უფლებები მომავალშიც ძალიან მკაცრად იქნება დაცული, არავის ინტიმური ცხოვრება ჩვენი განსახილველი არ არის, ხელისუფლება ამაში ვერ ჩაერევა, მაგრამ ამასთან ერთად პროპაგანდაც ჩვენთვის არის მიუღებელი. ვინც ითხოვს საქართველოში ლგბტ პროპაგანდის დაკანონებას, ის პირდაპირ უპირისპირდება საზოგადოების ინტერესებს. ამ კანონს საქართველოში აქვს მოსახლეობის 90 %-ზე ბევრად მეტის მხარდაჭერა. ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ასეთ დონეზე როდესაც უპირისპირდებიან, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ეს არ შეიძლება, ხდებოდეს, თუმცა მათი არჩევანია,“- განაცხადა პრემიერმა.