ირაკლი კობახიძე - საქართველოში ხმელეთით ბევრად მეტი ადამიანი შემოდის, ვიდრე ფრენების გზით, მარტივი სტატისტიკაა, ეს რომ რაიმე არხებით გავლენას მოახდენს მგზავრთა ნაკადზე ევროპაში, სრული აბსურდია
საქართველოში ხმელეთით ბევრად მეტი ადამიანი შემოდის, ვიდრე ფრენების გზით. ეს მარტივი სტატისტიკაა. ეს რომ რაიმე არხებით გავლენას მოახდენს მგზავრთა ნაკადზე ევროპაში, სრული აბსურდია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა კელი დეგნანის იმ განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „რუსეთთან პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში“.
კობახიძის თქმით, თურქეთი ნატო-ს წევრი ქვეყანაა, რომელსაც ალბათ 50-ჯერ მეტი ფრენა აქვს რუსეთთან, ხოლო რუსებისთვის ბევრად უფრო მარტივია, ევროპაში თურქეთიდან გადავიდნენ.
„ეს არის თითიდან გამოწოვილი მცდელობა, რაღაცნაირად ცუდი თქვა ხელისუფლების მიმართ, როცა ხელისუფლება საერთოდ არაფერ შუაშია. ისრაელი ამერიკის ერთ-ერთი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები აქვს და ბევრად უფრო ხშირიც. ალბათ, ამ ფრენების ჯამური რაოდენობა არის, სულ მცირე, 100-ჯერ მეტი, ვიდრე რაც საქართველოში ხორციელდება. როცა ასეთ დროს ვინმე ხელოვნურად ცდილობს, საქართველოსთან აღდგენილი ფრენები ფაქტორად წარმოაჩინოს, ეს არის არასწორი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.