ირაკლი კობახიძე - საქართველოში ფუნდამენტური წინსვლის მიღწევა პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა
საქართველოში თვისებრივად გავაძლიერეთ დემოკრატიული სისტემა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები დავამკვიდრეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მის თქმით, ქვეყანაში ფუნდამენტური წინსვლაა, რომლის მიღწევა პოლიტიკური ნების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
„პარლამენტის სურვილი და ენთუზიაზმი, რომ გახდეს მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ორგანო, არის პირდაპირ დაკავშირებული ჩვენს ზოგად ამბიციასთან, რომ გავაძლიეროთ საქართველოს დემოკრატიული სისტემა და შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ამ სულისკვეთებით შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა გასული წლების განმავლობაში, თვისებრივად გავაძლიერეთ ჩვენი დემოკრატიული სისტემა და დავამკვიდრეთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. წინსვლა არის ფუნდამენტური და ამ წინსვლის მიღწევა შეუძლებელი იყო, რა თქმა უნდა, შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ამ ყველაფერში პოლიტიკური ნება გადამწყვეტია.
„ჩვენ გვქონდა შესაბამისი პოლიტიკური ნება, რათა განგვეხორციელებინა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩვენი დემოკრატიის გასაძლიერებლად და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დასამკვიდრებლად. ამას ეფუძნებოდა, საქართველოს პარლამენტის სურვილი, ნება, რომ მაქსიმალურად გაგვეხსნა საპარლამენტო პროცესები საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ამ მიზნით საქართველოს პარლამენტში კონკრეტული რეფორმები გატარდა და ინფორმაცია საპარლამენტო საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ღიაა.
„ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი. ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს პარლამენტის საქმიანობასთან, არის სრულად ღია და საჯარო საზოგადოებისთვის. ესეც არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოება უშუალოდ იყოს ჩართული საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ კუთხითაც გვაქვს არსებითი წინსვლა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი შეფასებით, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ავტოკრატია და ავტორიტარიზმი განვითარების წამახალისებელი ფაქტორია. კობახიძის განცხადებით, ის არ ეთანხმება ამ მოსაზრებას და მიაჩნია, რომ დემოკრატია არის არა მხოლოდ უკეთესი ფორმა მმართველობის, ხალხთან ინტერაქციის თვალსაზრისით, არამედ ქვეყნების განვითარების უკეთესი საშუალებაც.
„იმასთან ერთად, რომ უზრუნველყოფილია საქართველოში ღიაობის, გახსნილობის, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, ჩვენ შევძელით ქვეყნის განვითარების ძალიან სწრაფი ტემპის მიღწევაც. ეკონომიკური განვითარების კუთხით, ჩვენი ქვეყანა არის გამორჩეული. გვაქვს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში და ეს ყველაფერი მოვახერხეთ იმასთან ერთად, რომ არის უზრუნველყოფილი დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე შეფასებით, აქედან გამომდინარე, არათუ კონფლიქტშია ერთმანეთთან დემოკრატია, ღიაობა, საჯაროობა და განვითარება, არამედ პირიქით – ღიაობა, დემოკრატია, გამჭვირვალობა არის საუკეთესო წინაპირობა ქვეყნის განვითარებისთვის.
„ის, რომ ჩვენ ვართ ლიდერი რეგიონში განვითარების თვალსაზრისით, ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ საქართველო არის მაქსიმალურად დაფუძნებული დემოკრატიის პრინციპებზე და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე. ამ სულისკვეთებით მოქმედებს საქართველოს პარლამენტიც.
ინფორმაცია საპარლამენტო მუშაობის შესახებ არის აბსოლუტურად გახსნილი, ჩვენ ვართ გახსნილი საზოგადოებისთვის, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩავრთოთ საზოგადოება საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ამ მიმართულებით გვაქვს მუდმივი წინსვლა და პროგრესი. ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, როდესაც საუბარია კონკრეტულ ცვლილებებზე, კონკრეტულ რეფორმებზე, ერთია პოლიტიკური ნება, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანების როლი.
„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტს ჰყავს ძალიან ამბიციური გუნდი და სწორედ ამ ამბიციური გუნდის დამსახურებაა ის, რომ გატარდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც მან აღნიშნა საპარლამენტო მუშაობის ლიდერი საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატი ირინა ფრუიძეა და მთავრია, ასეთ ადამიანებს მაქსიმალური შესაძლებლობა მიეცეთ რეფორმების გასატარებლად.
თბილისში, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მე-5 გლობალური სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. სამიტის სპეციალური სტუმარია მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰუმანოიდი რობოტი სოფია.