ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს ვილსონს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს ვილსონს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს ვილსონს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, რაც ასახულია ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების შესახებ პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებულ რეზოლუციაშიც. თავის მხრივ, როს ვილსონმა აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

ამასთან, როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად რეგიონში არსებული მრავალი გამოწვევისა, საქართველო თანმიმდევრულად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციისთვის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის. ამ კონტექსტში, მხარეებმა  საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების რეფორმებზე ისაუბრეს.

საუბარი, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებს, წინასაარჩევნო კამპანიასა და მეორე ტურისთვის მზადების პროცესს შეეხო. ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული კანდიდატები მონაწილეობენ, ნათლად ადასტურებს პროგრესს, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიაღწია.

შეხვედრის ბოლოს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.