ირაკლი კობახიძე - საქართველოში არსებობს ნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა გაძლიერდეს
საქართველოში რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი ვარ და ამაში დიდი წვლილი გაერო-ს განვითარების პროგრამას მიუძღვის, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე გააკეთა, რომელიც საქართველოში რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობის მეორე ფაზის დაწყებას უკავშირდება.
ირაკლი კობახიძემ გაერო-ს განვითარების პროგრამასთან რვაწლიანი თანამშრომლობის პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ პროექტის პირველი ფაზის პირველი მენეჯერი თავად იყო.
“ჩემთვის ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, გამომდინარე ჩემი გამოცდილებიდან, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამასთან მაკავშირებს. მინდა ავღნიშნო, რომ ამ პროექტის პირველი ფაზის პირველი მენეჯერი სწორედ მე გახლდით. მთლიანობაში გაერო-ს განვითარების პროგრამასთან ერთად რვა წელი მაქვს გატარებული. ჩვენ დეცენტრალიზაციის და რეგიონული განვითარების თემაზე ერთად ვმუშაობდით. გაერო-ს განვითარების პროგრამას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმაში, რომ მე ერთ-ერთი მთავარი ლობისტი ვარ საქართველოში როგორც რეგიონული განვითარების, ასევე დეცენტრალიზაციის“, – განაცხადა კობახიძემ
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოში დეცენტრალიზაციის და რეგიონული განვითარების კუთხით უცხოელი პარტნიორების ფასდაუდებელ წვლილს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაციასა და რეგიონულ განვითარებას პოლიტიკური ნება სჭირდება, რაც საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს.
“დეცენტრალიზაცია ის მიმართულებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიერ აუცილებლად გასატარებელია. დეცენტრალიზაცია დემოკრატიული მმართველობის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პირობაა. ჩვენი განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა რეფორმები ამ მიმართულებით გავატაროთ. დეცენტრალიზაცია პირველ რიგში პოლიტიკური ნება სჭირდება. მოხარული ვარ რომ დღეს პოლიტიკური ნება არსებობს და ამ მიმართულებით ხელისუფლების ყველა შესაბამისი განშტოება, როგორც პარლამენტი, ასევე საქართველოს მთავრობა ერთიანია. ძალიან მყარად ჩამოყალიბებული ნება არსებობს იმისა, რომ
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა გაძლიერდეს და დეცენტრალიზაციის კომპლექსური და მასშტაბური რეფორმა განხორციელდეს”, – აღნიშნა კობახიძემ.
„რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში – მეორე ფაზა“ 2018-2021 წლებში განხორციელდება და ჯამში 5,5 მილიონი დოლარი დაიხარჯება.