ირაკლი კობახიძე - საქართველოში ამ რაოდენობით უბნები არასდროს გადათვლილა, რაც აჩვენებს, რომ ღიაობის ძალიან დიდი მაჩვენებელი გვაქვს
უპრეცედენტო რაოდენობით არის უკვე გადათვლილი უბნები, ეს პროცესი გრძელდება დღესაც და გაგრძელდება ასევე სააპელაციო სასამართლოში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩემი ინფორმაციით, უკვე 30-მდე უბანი არის გადათვლილი, როგორც ოლქების დონეზე, ასევე სასამართლოს საფუძველზე და ეს პროცესი, დარწმუნებული ვართ, რომ გაგრძელდება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. საქართველოში ამ რაოდენობით უბნები არასდროს გადათვლილა, რაც აჩვენებს იმას, რომ ღიაობის ძალიან დიდი მაჩვენებელი გვაქვს ზოგადად და ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას. რაც შეეხება ე.წ კარუსელს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვესმის სპეკულაციები, არავითარი ფაქტები არ არის. ერთადერთი ფაქტი დაიდო ერთ-ერთ ოპოზიციურ ტელევიზიაში და იმ ქალბატონმა დაამტკიცა უტყუარად, რომ კარუსელთან არ გვქონია საქმე. ერთადერთი ფაქტი იყო და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფეიკი, ის ქალბატონი ორჯერ არ მისულა ხმის მისაცემად საარჩევნო უბანზე. უამრავი სპეკულაცია გვესმის, მაგრამ კარუსელი არ ყოფილა. ჩვენ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რასაც ვაჩვენებთ, პირველ რიგში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოქმებს ხელს აწერენ, როგორც „ოცნების“, ასევე ოპოზიციური პარტიების წევრები.
„ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები, ცალსახად შეიძლება ითქვას და ხელმოწერები არის ერთ-ერთი მთავარი დასტური. „ქართული ოცნების“ მიერ საუბნო-საარჩევნო კომისიებში დანიშნული იყო, დაახლოებით 10 000 წევრი, ამდენივე წევრი იყო დანიშნული ოპოზიციური პარტიების მიერ. ეს 10 000 წევრი „ოცნებიდან“, პლიუს 10 000 წევრი ოპოზიციიდან ხელს აწერს იმ საარჩევნო ოქმებს, რომელიც გახდა კრიტიკის საგანი. 10 000-ზე მეტი ოპოზიციური წევრი ხელს აწერს იმ გახმაურებულ ოქმებს მათ შორის, რომელიც გახდა კრიტიკის საგანი. რეალურად, ჩვენ რომ ჩავხედოთ დეტალებს, მთლიანობაში პრობლემური ოქმი, რასაც ჰქვია პრობლემური, არის დაახლოებით 50-60, რაც სწორდება და რაც ბოლომდე გასწორდება. და ამ 50-60 ოქმთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხელს აწერს სამი ოპოზიციონერი თითოეულ საარჩევნო კომისიაში. თუ იმ პრობლემებს, იმ 50 თუ 60 უბანზე ჰქონდა ისეთი საფუძველი, მანიპულაცია და ასე შემდეგ, გამოდის, რომ მათ მიერ დანიშნული წევრებიც იყვნენ ამ მანიპულაციის თანაავტორები. ვნახოთ, რა იყო რეალური მიზეზი და ჩავეძიოთ მათ შორის იმას, რა წვლილი მიუძღოდა ამ სამ ოპოზიციონერს თითოეულ საუბნო – საარჩევნო კომისიაში, ოქმის არასწორად შევსებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ოქმებში არსებულ შესაძლო დისბალანსთან დაკავშირებით განაცხადა, „გადაითვლება თითოეული ასეთი უბანი და გაირკვევა, რატომ მოაწერა ხელი ასეთ ოქმს კომისიის 12-12-მა წევრმა“.
„ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს, ამიტომ მიმდინარეობს გადათვლა როგორც ოლქებში, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და ეს პროცესი გაგრძელდება. 30 უბანი გადათვლილია, მე მგონია ერთი ამდენი უბანი კიდევ გადაითვლება და ეს ყველაფერი დაადგენს იმას, რა იყო ზედმეტობის ან მეტობის მიზეზი და რატომ გახდნენ ამ დისბალანსის თანაავტორები საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, როგორც „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული, ასევე ოპოზიციის მიერ დანიშნული“, – განაცხადა კობახიძემ.