ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებული სირთულეები ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს
ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებული სირთულეები ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს

საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს შორის არსებული სირთულეები ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ იმ პასუხისმგებლობას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იზრუნოს უკრაინელი ხალხისთვის.

„ხელისუფლებებს შორის არის სირთულეები. ეს ყველაფერი გამოიწვია, არსებითად, კონკრეტულმა გადაწყვეტილებებმა. მათ შორის, გახსოვთ, მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, უკრაინაში საქართველოს ელჩის ფაქტობრივი გაძევება უკრაინიდან. მე ვიტყოდი, ეს არ იყო მართებული ნაბიჯები, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენს სწრაფვას, რომ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს. ვერავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ვერ დაუდგება წინ ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ უკრაინელი ხალხისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მონაწილეობს უკრაინის აღდგენის კონფერენციაში (URC2024), რომელიც ბერლინში იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.