ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და პოლონეთს კარგად ესმით პარტნიორობის ფასი
საქართველოსა და პოლონეთს კარგად ესმით პარტნიორობის ფასი ეროვნული თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ, სტანისლავ კარჩევსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო აფასებს როგორც პირადად სტანისლავ კარჩევსკის, ისე ზოგადად პოლონეთის მხარდაჭერას.
„მოხარული ვარ, მივესალმო ბატონ მარშალს, პოლონეთის სენატის მარშალს საქართველოს პარლამენტში. ბატონი მარშალი არის საქართველოს ძალიან დიდი მეგობარი და ძალიან ვაფასებთ მის პიროვნულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ისევე, როგორც ძალიან ვაფასებთ, ზოგადად, პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი, ისტორიული ურთიერთობები. ჩვენს პოლიტიკურ ურთიერთობებს აქვს ძალიან მყარი საფუძველი – ეს არის ისტორიული მეგობრობა პოლონელ და ქართველ ხალხებს შორის. სენატის მარშალის ვიზიტი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას ორ ქვეყანას შორის. თამამად შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი წელი იყო ისტორიული პოლონურ-ქართული ურთიერთობების თვალსაზრისით. წელს შედგა პირველი ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა პოლონეთსა და საქართველოს შორის, რაც არის ძალიან კარგი მექანიზმი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ურთიერთობები ჩვენს სახელმწიფოს შორის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის სახელით მან მადლობა გადაუხადა სტანისლავ კარჩევსკის პოლონეთის მიერ საქართველოს თავისუფლების და ერთიანობის მხარდაჭერისთვის.
„ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება იმ ზოგადი მხარდაჭერისა, რომელსაც ვგრძნობთ პოლონელი ხალხის და პოლონეთის სახელმწიფოს მხრიდან.
ჩვენს ხალხებს ძალიან კარგად ესმით თავისუფლების ფასი და ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის მეგობრობისა და პარტნიორობის ფასი ეროვნული თავისუფლების მოპოვებისა და შენარჩუნებისთვის ბრძოლაში. ამ კუთხითაც პოლონელებსა და ქართველებს აქვს ძალიან მსგავსი ისტორია და ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი კავშირი, რომელიც აქვს ჩვენ ორ ხალხს და ორ სახელმწიფოს”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლონეთის, როგორც ნატო-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა.
„პოლონეთი არის ნატო-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არა მხოლოდ წევრი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი თანამონაწილე ამ ორივე კავშირის. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით და დღევანდელი შეხვედრის დროს გამოვხატე განსაკუთრებული მადლიერება პოლონეთის გამორჩეული მხარდაჭერისათვის საქართველოს მიმართ.
პოლონეთში ვიზიტის საშუალება არაერთხელ გვქონდა და მადლობას გამოვხატავ იმ გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან და განსაკუთრებით სენატის მარშალისაგან, ბატონი სტანისლავ კარჩევსკისგან. კიდევ ერთხელ ვუხდი ბატონ მარშალს უღრმეს მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.