ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, არის კონსტიტუციისა და ინსტიტუტების გარანტი, არ უნდა ამბობდეს აფხაზეთსა და ოსეთს
გიორგი მარგველაშვილი რეალურად დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პრეზიდენტად, რაც სამწუხარო მოვლენაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში დღევანდელი გამოსვლა შეაფასა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს 2013 წლიდან უნდა დაემკვიდრებინა ახალი ინსტიტუტი და ახალი კონსტიტუციური ტრადიცია, მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა.
„მინდა, გამოვთქვა ჩემი მოსაზრება მოხსენებასთან დაკავშირებით. ბევრი გამომსვლელის სიტყვებში მე ამოვიკითხე სინანული და ამ სინანული ჰქონდა მყარი საფუძველი. ჩვენ 2013 წელს ავირჩიეთ სრულიად ახალი ტიპის პრეზიდენტი, ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის და უნდა იყოს არა პოლიტიკური ლიდერი, არამედ ის უნდა იყოს გამაერთიანებელი ამ ახალ კონსტიტუციურ სისტემაში. ასეთია მისი როლი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. შესაბამისად, პრეზიდენტს 2013 წლიდან უნდა დაემკვიდრებინა ახალი ინსტიტუტი და ახალი კონსტიტუციური ტრადიცია, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა. შესაბამისად, სინანულს, რომელიც გამოიხატა ჩვენი კოლეგების მიერ, აქვს შესაბამისი საფუძველი. მოხსენება, რომელიც დღეს მოვისმინეთ, უნდა გამხდარიყო ამ ტრადიციის შემადგენელი ნაწილი. მას უნდა ჰქონოდა განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მას შეხება ჰქონდა გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებასთან, სადაც პრეზიდენტების მთელი რიგი მოხსენებები, ქვეყნის პოლიტიკის ისტორიად იქცა.
„ასეთ მოხსენებები ამკვიდრებს კულტურას, ტრადიციას. ეს უნდა ყოფილიყო გიორგი მარგველაშვილის როლი და უშუალოდ მისი მოხსენებების ფუნქციაც. თუმცა სამწუხაროდ, გასული ხუთი წლის განმავლობაში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი დასამახსოვრებელი მოხსენება, რაც სამწუხაროა. ამ შემთხვევაშიც გიორგი მარგველაშვილმა ხელიდან გაუშვა შანსი, დაემკვიდრებინა ახალი ტრადიცია ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო გამაერთიანებელი, ის გახდა რიგით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი მოხსენებაც იყო რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოხსენება, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა.
„დღევანდელ მოხსენებას რაც შეეხება, მე მქონდა ზემოდან დაკვირვების საშუალება და დღეს გიორგი მარგველაშვილმა მისი მოხსნების მსვლელობის დროს სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ „პატრიოტთა ალიანსს“ გამოსტყუა ტაში და რამდენიმეჯერ გამოსტყუა ტაში საკუთარ ადმინისტრაციას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე ვისურვებდი მომავალში, როდესაც პრეზიდენტი მოხსენებით წარდგება პარლამენტში, მას უპასუხოს აპლოდისმენებით ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში და ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ, რომელიც იჯდება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. დღეს ჩვენ ეს ვერ ვიხილეთ, რასაც ჰქონდა ობიექტური საფუძველი. მთავარი მიზეზი არის ის, რომ პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარდგა არა როგორც ლიდერი, როგორც გამაერთიანებელი, არამედ როგორც რიგითი ოპოზიციონერი, რაც სამწუხაროა”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა შეფასდა ძალიან კრიტიკულად და ამ კრიტიკას თავადაც უერთდება.
“მარგველაშვილის გამოსვლაში უამრავი ნიუანსი იყო, რომელიც იმსახურებდა კრიტიკას, დაწყებული წმინდა შინაარსობრივი საკითხებით და დამთავრებული თუნდაც ტერმინოლოგიით, რომელსაც იყენებდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, არის კონსტიტუციის და ინსტიტუტების გარანტი. პრეზიდენტი არ უნდა ამბობდეს აფხაზეთსა და ოსეთს, როდესაც ის საუბრობს ცხინვალს რეგიონზე. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს სახელმწიფო მეთაურზე”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტი არ იყო საზოგადოებისა და სისტემის გამაერთიანებელი.
„ჩვენ ამ ხუთწლიანი მოღვაწეობიდან ვერ გავიხსენებთ ვერც ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც პრეზიდენტი გამოვიდა გამაერთიანებლის როლში. ამის საპირისპიროდ იყო არაერთ შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი იყო გაყოფის, გათიშვის, დაპირისპირების ინიციატორი, რაც ამ ხუთ წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში არის ნიშანდობლივი თვისება პრეზიდენტისა, ესეც არის სამწუხარო მოვლენა. გიორგი მარგველაშვილი გახდა საბოლოო ჯამში ოპოზიციის პრეზიდენტი და სულ ბოლოს გახსოვთ მოვლენები, რომელიც შეწყალებასთან იყო დაკავშირებული, მან თვითიზოლაცია მოახდინა კონკრეტული ოპოზიციური პარტიებისგანაც. ბოლოს გიორგი მარგველაშვილი რეალურად დარჩა „ნაციონალური მოძრაობის“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პრეზიდენტად, რაც სამწუხარო მოვლენაა. გიორგი მარგველაშვილი უნდა ყოფილიყო საზოგადოების გამაერთიანებელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.