ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი წითელ ზღვარს კვეთს და ამ დროს რა ნდობაზეა საუბარი, მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს
არ არსებობს ნდობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის, მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს, რადგან პრეზიდენტი გამოვიდა 26 მაისს სამარცხვინოდ და ბოდიში მოუხადა მთავრობის საქმიანობისთვის 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს, ამის შემდეგ მთავრობა როგორ უნდა ენდოს პრეზიდენტს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, მთავრობა ვერ ენდობა პრეზიდენტს ისეთ მნიშვნელოვან საკითხში, როგორიც არის კანდიდატის სტატუსის მიღება
„ნდობაზეც არ არის საუბარი. საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი წითელ ზღვარს კვეთს და ამ დროს რა ნდობაზეა საუბარი. რა თქმა უნდა მთავრობას აქვს ნული ნდობა პრეზიდენტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მიღებას. სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის წესრიგით. ეს არის ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ. არ შეიძლება, მთავრობამ პრეზიდენტს მიანდოს ისეთი საქმეების კეთება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. აქ სამართლებრივი პოზიციებიც და ასევე პოლიტიკური მიზანშეწონილობაც არის ძალიან მყარი“, – განაცხადა კობახიძემ.