ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ყველას, ვინც შობის დღესასწაულს დღეს ზეიმობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შობას ულოცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულს დღეს ზეიმობს.
„დასავლეთ ქრისტიანული სამყაროს დიდ ნაწილს ვულოცავ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! მაცხოვრის შობა არის განწმენდის, ხსნისა და განახლების სიმბოლო და საწყისი ახალი, ნათელი ცხოვრებისა. ესაა დღესასწაული, რომელიც გამორჩეულია ყველა ქრისტიანისთვის და განსაკუთრებით, ჩვენი ხალხისთვის, რადგან ქრისტიანობა ქართველი ერის ჩამოყალიბების ფუნდამენტად იქცა. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვულოცავ ყველას, ვინც ამ ბრწყინვალე დღესასწაულს დღეს ზეიმობს. მშვიდობიან, წარმატებულ და სიყვარულით სავსე ცხოვრებას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს!“, – აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მილოცვის ტექსტში.
ათასობით მორწმუნე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს – ქრისტეშობას ზეიმობს.
ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით ითვლის.
კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან ერთად, შობას დღეს 15 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიიდან 11 ზეიმობს.
დღეს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქრისტეშობა მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში სიყვარულისა და სიკეთის გარშემო აერთიანებს.