ირაკლი კობახიძე - საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონი ფაქტობრივად, რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედ არის გადაქცეული
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონი ფაქტობრივად, რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედ არის გადაქცეული

დღევანდელ ეპოქაში არსებობენ ძალები, რომლებიც არყევენ უსაფრთხოებისა და მშვიდობის ფუნდამენტს, ძირს უთხრიან ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უწყობენ საზოგადოებებში დაძაბულობასა და დაპირისპირებას, ხელს უშლიან ჩვენს თავისუფალ არჩევანს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ტერიტორიების პირდაპირი ოკუპაციით და ანექსიით, შანტაჟით, მუქარით, ძალადობისა და ტყუილების პროპაგანდით, ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი და შეუფერებელი მეთოდებით ხდება.

ირაკლი კობახიძემ ყურადღება ოკუპაციასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა.

„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და შექმნილი აქვს მარიონეტული ავტორიტარული რეჟიმები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ რეგიონებში ადამიანის უფლებები ყოველდღიურად უხეშად ირღვევა: ეთნიკურად ქართველ ბავშვებს წაართვეს მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილება; მიზანმიმართულად, ქართული კვალის წაშლის მიზნით, დაანგრიეს ქართული სოფლები; იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ადამიანებს; გაბატონებულია დაუსჯელობა; ორივე ოკუპირებული რეგიონი, ფაქტობრივად, გადაქცეულია რუსეთის დახურულ სამხედრო ბაზებად ან მათ მომსახურე სივრცედ. ჩვენი დიდი მცდელობების მიუხედავად, ეს ორი რეგიონი ვერ ახერხებს სრულად გაიზიაროს დანარჩენი საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, აგრესიის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას, უკვე წლებია, რუსეთის მიმართ პრაგმატული, მშვიდობიანი და დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა აქვს შემუშავებული.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, აღნიშნულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები გააუმჯობესა, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია შესული.

„ეს პოლიტიკა ითვალისწინებს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალურ ჩართულობასა და ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივას. მისასალმებელია, რომ რუსეთის შეუვალი სამხედრო-პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ხალხებს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში ფართოვდება, რაც საქართველოში რუსი ტურისტების სულ უფრო მზარდ რაოდენობაზეც აისახება. საქართველოს პრაგმატულმა პოლიტიკამ გააუმჯობესა საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები, მაგრამ პოლიტიკური ურთიერთობები კვლავ ჩიხშია შესული, რადგანაც რუსეთი კვლავ არ ასრულებს საფრანგეთის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა, დიდი გამოწვევების მიუხედავად, საერთაშორისო მეგობრებისა და პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ენერგიულად ვაგრძელებთ თანასწორობასა და სოლიდარობაზე დაფუძნებული, ადამიანზე ორიენტირებული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.