ირაკლი კობახიძე - საქართველოს მიზანია, ახლო მომავალში მივიღოთ მკაფიო განცხადება ევროპული პერსპექტივის თაობაზე
საქართველოს მიზანია, ახლო მომავალში მივიღოთ მკაფიო განცხადება ევროპული პერსპექტივის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლიეტუვაში სამდღიანი ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ლიეტუვაში ვიზიტის დასასრულს საქართველომ მონაწილეობა მიიღო ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში.
„იყო საინტერესო დისკუსია, გვქონდა საუბარი ჩვენს გამოწვევებზე, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. რა თქმა უნდა, გვაქვს მუდმივი წინსვლა ამ მიმართულებით, მათ შორის არის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ეს არის კონკრეტული ხელშესახები შედეგები, თუმცა გვაქვს ამბიციური მიზანი. ეს მიზანი არის ევროინტეგრაცია. ჩვენი მიზანია, ახლო მომავალში მივიღოთ მკაფიო განცხადება ევროპული პერსპექტივის თაობაზე. ამას სჭირდება ყოველდღიური მუშაობა, საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და ერთ-ერთი ასეთი საშუალება გვქონდა დღეს. ვისაუბრეთ ჩვენს მეგობრებთან ევროკავშირიდან, აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურება, რათა საბოლოო მიზანს მივაღწიოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სამდღიანი ვიზიტის პირველ დღეს ირაკლი კობახიძე ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტსს და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა. მეორე დღეს კი, საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარეს ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, საულიუს სკვერნელმა უმასპინძლა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ბექა ოდიშარია, გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე.