რუსეთს მისმა აგრესიამ და შემდგომში ორი ქართული ტერიტორიის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციამ არ მოუტანა ის შედეგი, რაც მას სურდა – ქართველი ხალხი კიდევ უფრო მტკიცედ დადგა საკუთარ გადაწყვეტილებაზე, გამხდარიყო ევროკავშირისა და ნატოს წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ფართო ევროპული რეგიონის პოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოში საქართველოს როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის გასაგებად საჭიროა არა მხოლოდ რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტის განხილვა, არამედ 1991 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული, საქართველოს დინამიკური შიდა პოლიტიკური განვითარების შეფასებაც.
„100 წლის წინ, 1919 წლის მარტში, მნიშვნელოვანი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ, საქართველოში ჩამოყალიბდა პირველი პარლამენტი – საქართველოს დამფუძნებელი კრება. ამ მომენტამდე ერთი წლით ადრე, 1918 წლის მაისში, საქართველოს წამყვანმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთობლივად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა რუსეთისაგან სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების – ფინეთის, პოლონეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა თუ ლატვიის მსგავსად და დაიწყეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შენება.
1918 წელს შექმნილ პირველ ქართულ რესპუბლიკას ეწოდებოდა და ჭეშმარიტად იყო კიდეც დემოკრატიული რესპუბლიკა საკმაოდ პროგრესული კონსტიტუციით, რომელიც მისი არსებობის დასასრულს, 1921 წლის დასაწყისში იქნა მიღებული. გარდა ამისა, საქართველოს რესპუბლიკა იმართებოდა სოციალ-დემოკრატების მიერ, რომლებიც ქვეყანაში წამყვან ძალას წარმოადგენდნენ, და ფაქტობრივად, საქართველო პირველი ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომლის სათავეშიც სოციალ- დემოკრატები იყვნენ. საკმარისია ითქვას, რომ 1919 წელს, საქართველოს პირველი პარლამენტის – დამფუძნებელი კრების ხუთი წევრი, რომლებიც თავისუფლად იქნენ არჩეულნი სამართლიან არჩევნებში, წარმოადგენდა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მანდილოსანს.
საქართველოს პოლიტიკურ კლასს სურდა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა და ევროპულ სახელმწიფოდ გახდომა, რომელსაც პერსპექტივაში დამოუკიდებლად განვითარება ექნებოდა. თუმცაღა, პირველი რესპუბლიკის არსებობამ მხოლოდ სამ წელზე ნაკლები გასტანა, და 1921 წლის თებერვალში იგი ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერების მიერ საქართველოში გაგზავნილმა წითელმა არმიამ გაანადგურა“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის, რასაც ჩვენი ქვეყანა ორი კვირის შემდეგ აღნიშნავს, სიმბოლური კავშირია პირველ რესპუბლიკასა და დღევანდელ საქართველოს შორის. მისივე შეფასებით, ეს კავშირი სიმბოლურიცაა და პრაქტიკულიც.
„დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველო იმავე პრინციპებზე, პრიორიტეტებსა და მისწრაფებებზეა დაფუძნებული, რომელიც მის წინამორბედს ჰქონდა 100 წლის წინ, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს გამოწვევებიც იგივე აქვს, რომლებიც სათავეს წინა საუკუნის დასაწყისში იღებს: აგრესიული რუსეთი, არასტაბილური სამეზობლო, რთული საერთაშორისო გარემო და მწვავე დებატები ევროპული საზოგადოების მმართველი ღირებულებებისა და პრინციპების თაობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივის გასაცნობიერებლად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ საქართველოს მისწრაფება – გახდეს დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო და ტრანსატლანტიკური საზოგადოების წევრი – არ არის მხოლოდ მისი მმართველი გუნდის დროებითი ახირება, არამედ ეს არის მოსახლეობის ფუნდამენტური და თავისუფალი სურვილი, რომელიც მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ტრადიციებს, ეფუძნება.
რა შეიძლება საერთაშორისო პოლიტიკურმა გარემომ შესთავაზოს საქართველოს, აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები. მისი თქმით, საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების უპრეცედენტო კეთილი ნება გააჩნია. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ავსტრია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერია.
„საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრებისა და მათი პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე გულუხვი ფინანსური და ტექნიკური დახმარების გარეშე. ავსტრია საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მხარდამჭერია, რისთვისაც ჩვენ უდიდეს მადლიერებას გამოვხატავთ. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც, ახალბედა ქართული სახელმწიფო მწვავე კრიზისში აღმოჩნდა იმ სეპარატისტული მოძრაობების გამო, რომლებსაც პირველ რიგში, აღვივებდნენ საბჭოთა, და შემდეგ კი უკვე რუსული რევანშისტული ძალები, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობა.
1990-იან წლებში, პირდაპირ თუ ირიბად, სისხლიან კონფლიქტში მონაწილეობის შემდეგ, რუსეთი კვლავ ღიად შემოიჭრა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს, როდესაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა სულ უფრო და უფრო რეალური ხდებოდა. თუმცაღა, რუსეთს მისმა აგრესიამ და შემდგომში ორი ქართული ტერიტორიის – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციამ არ მოუტანა ის შედეგი, რაც მას სურდა. ქართველი ხალხი კიდევ უფრო მტკიცედ დადგა საკუთარ გადაწყვეტილებაზე, გამხდარიყო ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას უწევდა ავსტრიის ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვერნერ ფასლაბენდი უწევდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლას საქართველოს დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.