ირაკლი კობახიძე - საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ძალიან მყარია
საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ძალიან მყარია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ანგარიშზე კომენტირებისას განაცხადა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2017 წელი საქართველოსა და ამერიკის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით შესანიშნავი წელი იყო.
„რაც შეეხება საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას, ასეთ მყარ მხარდაჭერაში მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტი შედგა. ჩვენ სენატორებთან, კონგრესმენებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, შეერთებულ შტატებში ჩვენი ქვეყნის სხვა მხარდამჭერებთან შეხვედრა გვქონდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ძალიან მყარია. ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა იმ ცვლილებებისა და რეფორმების მიმართ, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. 2017 წელი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით ნამდვილად შესანიშნავი წელი იყო და გვინდა მუშაობა ასეთი ტემპით გავაგრძელოთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ანგარიშში გლობალური საფრთხეების შესახებ საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მხრიდან ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელისშეშლა რჩება.