ირაკლი კობახიძე საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „ელჩების კონფერენცია 2018“-ის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემები საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია და საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგი და საგარეო პოლიტიკაში მისი როლი იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საპარლამენტო დიპლომატიასა და მრავალმხრივი ფორმატების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, პარლამენტში თანხმობაა.

ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სახელით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, შეხვედრაზე საგარეო პოლიტიკის ყველა ძირითად პრიორიტეტზე ისაუბრეს.

„გამოიკვეთა მრავალი მიმართულება, მათ შორის თანამშრომლობა საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, ასევე ორმხრივი საპარლამენტო კონტაქტების გაღრმავება. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში, საპარლამენტო ზედამხედველობის როლი არის განსაკუთრებით გამოკვეთილი. საკანონმდებლო ხელისუფების წარმომადგენლებისთვის აუცილებელია მუდმივად საქმის კურსში ყოფნა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ამიტომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობა პარლამენტთან მომავალი წლის განმავლობაში იქნება კიდევ უფრო მეტად აქტიური.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი. ჩვენი დიპლომატები ძალიან გვეხმარებიან იმაში, რომ მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგი დავდოთ ყველა ჩვენს ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

„ელჩების კონფერენცია 2018“-ს პარლამენტი უკვე სამი დღეა მასპინძლობს. კონფერენცია ხვალ დასრულდება.