ირაკლი კობახიძე - საქართველოს დეცენტრალიზაციის კუთხით მოწესრიგებული კანონმდებლობა აქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს დეცენტრალიზაციის კუთხით მოწესრიგებული კანონმდებლობა აქვს და ის შესაბამისობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან. ამის შესახებ კობახიძემ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე – „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტი
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები კიდევ უფრო განმტკიცდა საკონსტიტუციო ცვლილებებით და ახლა მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკულ ნაბიჯებში გარდაისახოს.
„დეცენტრალიზაციის კუთხით ჩვენ გვაქვს მოწესრიგებული კანონმდებლობა, რომელიც არის შესაბამისობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ ცვლილებებით კიდევ უფრო განმტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პრაქტიკულ ნაბიჯებში გარდაისახოს, ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის ხარისხის ამაღლება უკვე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით და ზუსტად ამას ეძღვნება ის სამუშაო, რომელიც ხორციელდება და წარიმართება არსებითად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება საქართველოს პარლამენტის, კონკრეტულად კი – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის როლზე გაამახვილა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლი და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.