ირაკლი კობახიძე - საქართველოს აქვს მძიმე რეგიონული ფონი და შეიძლება, ეს ფონი უფრო დამძიმდეს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გარეთ დარჩება
ირაკლი კობახიძე - საქართველოს აქვს მძიმე რეგიონული ფონი და შეიძლება, ეს ფონი უფრო დამძიმდეს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გარეთ დარჩება

არც შეხვედრის მონაწილეებს და არც მე არ გვაქვს იმის უფლება, რომ დახურული შეხვედრის დეტალები გავასაჯაროოთ, მაგრამ როგორც ვიცი, თინა ბოკუჩავამ სათანადო პასუხი მიიღო, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, როგორი იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი თინა ბოკუჩავას მიმართ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და პოლონეთში გადაყვანის საკითხი დააყენა.

„ყველა შემთხვევაში და მით უმეტეს, უკრაინისთვის და საქართველოსთვის ასეთ მძიმე ვითარებაში, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს. იმიტომ, რომ ეს კაცი ციხის გარეთ აუცილებლად გახდება დამატებითი პრობლემა, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის. უკრაინა დღეს ისედაც უმძიმეს მდგომარეობაშია და მას კიდევ უფრო დაუმძიმებს მდგომარეობას. საქართველოს აქვს მძიმე რეგიონული ფონი და შეიძლება, ეს ფონი კიდევ უფრო დამძიმდეს იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი გარეთ დარჩება. მისი ჩამოსვლის მიზანიც ხომ დამძიმება იყო?! მას უნდოდა, თავისუფლად ყოფილიყო საქართველოში, ქვეყნის მასშტაბით, რომ ვითარება დაემძიმებინა და ახლაც, მისი გათავისუფლების ერთადერთი მიზანი არის ვითარების დამძიმება, ამ შემთხვევაში ორ ქვეყანაში, საქართველოში და უკრაინაში. რა თქმა უნდა, ის გაორმაგებული ძალისხმევით შეეცდება იმ მიზნის მიღწევას, რომელიც აქვს მის პოლიტიკურ პარტიას. ეს არის ჩვეულებრივი ომის პარტია და ისინი შეეცდებიან, სააკაშვილის გარეთ ყოფნის შემთხვევაში კიდევ უფრო გაორმაგებული ძალისხმევით აწარმოონ ომის კამპანია და ამ ქვეყანაში მოაწყონ დამატებითი პროვოკაციები. ბუნებრივია, ჩვენ მათ ამის საშუალებას ვერ მივცემთ. ჩვენ დამატებითი საფრთხეებისგან უნდა დავიცვათ, როგორც საქართველო, ასევე უკრაინა“, – განაცხადა კობახიძემ.

ინტერესდებიან თუ არა საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხით და ისმება თუ არა კითხვები მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ერთადერთი, რაზეც კითხვები ისმება, არის უფლებების დაცვა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია.

„ეს ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, ბუნებრივია. ნებისმიერი პატიმრის უფლებები სათანადოდ უნდა იყოს დაცული. მათ სორის, სააკაშვილიც არის ერთ-ერთი პატიმარი და მისი უფლებებიც უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამის მიღმა დისკუსია არ წარიმართება“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება პოლარიზაციის შესამცირებლად, რაც საერთაშორისო პარტნიორების და იგივე საქართველოს პრეზიდენტის გზავნილიც არის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შერიგებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გზავნილში ლოგიკური აცდენაა.

„პრეზიდენტმა იმავე მიმართვაში განაცხადა, რომ ოპოზიცია საზღვარგარეთ დადის და ძირს უთხრის სახელმწიფოს. ერთი მხრივ რომ ამბობ, ეს ოპოზიცია სადღაც დადის და ძირს უთხრის სახელმწიფოსო, მეორე მხრივ კი იმასთან შერიგებისკენ მომიწოდებ, აქ არის ლოგიკური აცდენა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაში ვეთანხმებით პრეზიდენტს, რომ ყველა კონკრეტული პროვოკაციული ნაბიჯით ისინი ცდილობენ, სახელმწიფოს ძირი გამოუთხარონ, ომში ჩაითრიონ და ა.შ, მაგრამ როდესაც საქმე გაქვს ასეთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც დადის, სახელმწიფოს ძირს უთხრის და თან, ამ პოლიტიკურ ძალას უნდა შეურიგდე, ჩვენ აქ რაღაც ლოგიკურ წინააღმდეგობას ვხედავთ. ან სახელმწიფოს არ უნდა გამოუთხარონ ძირი და მაშინ შევურიგდებით, ან თუ ძირს უთხრიან, ვერ შევურიგდებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.