ირაკლი კობახიძე - საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ
საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არის 55-დან 60%-მდე.
„ვერავითარი ეკონომიკური წარმატება ვერ მიიღწევა მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე. ყველას გახსოვთ, როგორ წარიმართა მოვლენები გასული სამი წლის განმავლობაში. იყო სერიოზული მცდელობა, საქართველოში დაერღვიათ პოლიტიკური სტაბილურობა და ჩვენი ქვეყანა ექციათ იმ სცენარის შემადგენელ ნაწილად, რომელი სცენარიც, სამწუხაროდ, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში განვითარდა. საბედნიეროდ, ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ გაუძლო ზეწოლას და შეძლო როგორც სახელმწიფოებრივი სიმტკიცის, ისე ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება. ამით დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ინსტიტუტები, რომლებსაც ეროვნული ინტერესების დაცვა განუხრელად, მყარად შეუძლიათ.
დღეს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს მყარი პოზიციები და ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოებისგან. გასული ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან არის 55-დან 60%-მდე. ეს არის, რა თქმა უნდა, პარტიული რეიტინგი, მაგრამ ეს ყველაფერი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად ძლიერია მთავრობის, ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა. იგივე კვლევები, სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, თუ რა არის ამ ყველაფრის მიზეზი. ძირითადად, ორი ფაქტორი განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი გუნდის მიმართ. ეს არის მშვიდობის შენარჩუნება – პირველი ფაქტორი. ხალხი ხედავს, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, მსოფლიოში არაერთი ცხელი წერტილია. ამ ვითარებაში, მიუხედავად სერიოზული რისკებისა, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას; და მეორე ფაქტორი, რაც განაპირობებს მოსახლეობის ძლიერ მხარდაჭერას, ეს არის სწორედ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური წინსვლა, რაც აისახება, ბუნებრივია, მოსახლეობის სოციალურ პირობებზე. ჩვენ შეგვიძლია, დავდოთ ძალიან მყარი პირობა როგორც ფართო საზოგადოების, ისე ბიზნესის წინაშე, რომ მშვიდობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს მომავალშიც აუცილებლად შევინარჩუნებთ. ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ იმის გამო, რომ შეგიქმნათ სიმყარის განცდა. რეალურად გვაქვს ყველანაირი საფუძველი იმისთვის, რომ სტაბილურად, მყარად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის. პირადად მე, როგორც პრემიერ მინისტრმა, კიდევ ერთხელ მინდა, დაგიდასტუროთ ღიაობის სრული მზადყოფნა ბიზნესთან, ბიზნეს ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.