ირაკლი კობახიძე - საქართველომ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი კანონმდებლობა
ჩვენ გვაინტერესებს ერთი მიზანი, ეს არის თამბაქოს კონტროლის გაძლიერება, მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მთელი ამ ძალისხმევით საქართველომ წვლილი უნდა შეიტანოს მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით მიღწევაში.
„2017 წელს პარლამენტმა საკანონმდებლო რეფორმა განახორციელა, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიცავდა კანონმდებლობაში, თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში, ასევე სხვა რიგ სხვა კანონებში. ამ ახალი რეგულაციების ძირითადი დებულებები ამოქმედდა 2018 წლის პირველი მაისიდან. რეგულაციებმა განაპირობა დახურული სივრცის გათავისუფლება თამბაქოს მავნებლობისგან, თამბაქოს რეკლამის სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა. მოგვიანებით, ამოქმედდა ეფექტიანი სამედიცინო გაფრთხილების პროგრამის ვალდებულება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, კანონით გათვალისწინებულია 2023 წლიდან თამბაქოს პროდუქტის სადად შეფუთვის შემოღება.
„საბოლოოდ, ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომელიც ხასიათდება აღსრულების მარტივი და დახვეწილი მექანიზმებით. ამას ადასტურებს ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს კანონის აღსრულების ძალიან მაღალი 96 პროცენტიანი მაჩვენებელი. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც გაერო-ს განვითარების პროგრამის ჩარჩო-კონვენციის სამდივნოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით ჩატარდა თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის შეფასება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შედეგებმა აჩვენა, რომ ეს რეფორმა მომავალი 15 წლის განმავლობაში იხსნის 53 000 ადამიანს ნაადრევი სიკვდილისგან და ქვეყანას თავიდან ააცილებს 3,6 მილიარდი ლარის ფინანსურ და ეკონომიკურ დანაკარგს.
„ჩვენი პარლამენტი მზად არის, გაგიზიაროთ წარმატებული გამოცდილება, რამაც ეს შედეგები განაპირობა. თავის მხრივ, შედეგები განაპირობა რამდენიმე ძირითადმა ფაქტორმა. პირველი – უმნიშვნელოვანესი ფაქტორია პოლიტიკური ნება, რომ არა მმართველი ძალის პოლიტიკური ნება, ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური რეფორმის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. მეორე – ეს იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობა რეფორმის განხორციელებაში. ჩართული იყო ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ხელისუფლების სტრუქტურები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ექსპერტები, ფართო საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, ასეთი ჩართულობით მოხერხდა წარმატებული რეფორმის განხორციელება.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეფორმის განხორციელებას ხელის შეუწყო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებამ.
„ამ ხელშეკრულებით საქართველომ აიღო კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას აქვს გრძელვადიანი ხედვა, კერძოდ, შემუშავებულია სტრატეგია „საქართველო 2020“. ეს არის მრავალდარგობრივი, მულტისექტორული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა და სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ფორუმზე.
გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, „საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ“ თბილისში მეორე დღეა მიმდინარეობს.
ფორუმი ორგანიზებულია „FCTC 2030” პროექტის ფარგლებში, სადაც საქართველო, როგორც პარტნიორი და წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში, მასპინძლობს თოთხმეტი პროექტის პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს.