ირაკლი კობახიძე - საქართველო ყველა მიმართულებით ასწრებს კანდიდატ ქვეყნებს, მთელ რიგ კომპონენტებში კი - წევრების დიდ ნაწილს, ასეთ პირობებში უსამართლო გადაწყვეტილებები უკიდურესი შეურაცხყოფაა
საქართველო ყველა მიმართულებით ასწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში საქართველო ასწრებს ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის მონაცემები, რომლის თანახმადაც, კორუფციის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია.
ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ასეთ პირობებში საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უსამართლო გადაწყვეტილებები, არის უკიდურესი შეურაცხყოფა.
„ზოგადად, რაც შეეხება ინდექსებსა და რეიტინგებს, ყველა მიმართულებით საქართველო ასწრებს აბსოლუტურად ყველა კანდიდატ ქვეყანას და მთელ რიგ კომპონენტებში საქართველო ასწრებს ევროკავშირის ქვეყნების დიდ ნაწილს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კორუფციის სიმცირე, გამჭვირვალობა, ხელისუფლების ღიაობა, ეკონომიკური წინსვლა და ა.შ. ყველა მიმართულებით საქართველო არის გამოკვეთილი, აშკარა ლიდერი.
როდესაც ასეთ პირობებში საქართველოსთან დაკავშირებით მიიღება უსამართლო გადაწყვეტილებები, როდესაც სანქციები წესდება ომში მონაწილე პოლიციელების მიმართ და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის უკიდურესი შეურაცხყოფა და დეზინფორმაცია. თუ რაიმე არის დეზინფორმაცია, ეს არის ზუსტად გადაწყვეტილებები სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის უსამართლო განცხადებები, რომელიც ძალიან ხშირად ვრცელდება. მე მოვუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავონ საქართველოს შესახებ ასე მასშტაბურად დეზინფორმაციის გავრცელებისგან“, – განაცხადა პრემიერმა.