ირაკლი კობახიძე - საქართველო უკრაინაზე ათჯერ პატარა ქვეყანაა, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ომის თავიდან აცილება, ზუსტად ამის საპირისპირო მიზანი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“
ირაკლი კობახიძე - საქართველო უკრაინაზე ათჯერ პატარა ქვეყანაა, ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს ომის თავიდან აცილება, ზუსტად ამის საპირისპირო მიზანი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის დაზვერვის განცხადება ფაქტების გარეშე გავრცელდა და სთხოვს უკრაინულ მხარეს, „სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ხალხებს შორის“.

კობახიძე გამოეხმაურა უკრაინული მედიის მიერ ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის“.

„ეს არის კიდევ ერთი სამწუხარო შემთხვევა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების მიერ ასეთი განცხადება ფაქტების გარეშე ვრცელდება, ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი – ადამიანები აქ არიან რადიკალურ ოპოზიციაში, იქ ხელისუფლებაში. ასეთ დროს ამგვარი ინტერესი არსებობს და სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი ასეთი მორიგი განცხადება ვიხილეთ, რომელიც არც ერთ ფაქტს არ ეფუძნება და არც ერთი ფაქტი არ იყო წარმოდგენილი.

შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვთხოვოთ უკრაინულ მხარეს, რომ სხვანაირი პასუხისმგებლობით მიუდგეს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს ხალხებს შორის – მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ამ ურთიერთობებს გავუფრთხილდეთ“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ კეთდება უკრაინის მხრიდან ასეთი განცხადებები, კობახიძე ამბობს, რომ ეს არის „კიდევ ერთი კოორდინირებული მცდელობა, რომ რამენაირად, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართონ“.

„საბოლოო ჯამში, ყველაფერი ამას უკავშირდება. ამ პროცესებში საქართველოში პირდაპირ ჩართულია „ნაციონალური მოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია. მათ საქართველოში ომის გაჩაღება სურთ და მათ ამისთვის აქვთ არა მხოლოდ სუბიექტური მიზეზი. რა თქმა უნდა, მათი სუბიექტური მიზანია, რომ ხელისუფლებისთვის გართულდეს ვითარება, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამეა, მათ აქვთ აპრიორი, მიზნად დასახული საქართველოს ჩართვა სამხედრო კონფლიქტში.

მინდა, შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, თუ რა შეიძლება მოუტანოს ასეთმა სამხედრო კონფლიქტმა საქართველოს – მინიმუმ იგივე, რაც უკრაინას მოუტანს. უკრაინას მოუტანა უმძიმესი შედეგები, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა – თითქმის ყოველი მესამე უკრაინელი გახიზნულია საკუთარი საცხოვრებელი ადგილიდან. მეორე არის ეკონომიკური კატასტროფა. უკვე 45%-იანი ეკონომიკური ვარდნა არის პროგნოზირებადი უკრაინასთან დაკავშირებით და ესეც არის უმძიმესი შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყველანაირად უნდა ავარიდოთ. ყველა თვალსაზრისით ვითარება უმძიმესია. მესამეა სამხედრო ზიანი, რომელიც ამ ქვეყანამ მიიღო.

პოლიტიკური კუთხით უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყანა ჩავარდნილი – ეს არის მინიმუმი, რაც საქართველომ შეიძლება მიიღოს ომის დაწყების შემთხვევაში. ანუ, უკრაინის მდგომარეობა არის მინიმუმი და შეიძლება უფრო მძიმეც კი იყოს ჩვენთვის ამ ომის შედეგი, მათ შორის, თუნდაც იმის გამო, რომ საქართველო უკრაინაზე ათჯერ პატარა ქვეყანაა. შესაბამისად, ომის თავიდან აცილება მთავარი უნდა იყოს, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ და ზუსტად ამის საპირისპირო მიზანი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ზუსტად ამის გამო გვთავაზობენ უამრავ პროვოკაციას, სპეკულაციას. ამის გამო შემოაქვთ ახალი თემები ამ პროცესში. რა თქმა უნდა, მათ დღის წესრიგს ვერ გავყვებით, პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო დასუსტდეს, მათ შორის იმისთვის, რომ ბოლომდე გამოვრიცხოთ ომთან დაკავშირებული საფრთხეები“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.