ირაკლი კობახიძე - საქართველო სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია
საქართველო სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სერბ კოლეგასთან მაია გოიკოვიჩთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
„საქართველოს და სერბეთს განსაკუთრებული და პოზიტიურად დინამიური ურთიერთობები აკავშირებს. მსურს, მადლობა გადავუხადო ქალბატონ სპიკერს გასულ წელს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტისთვის, რომელმაც ახალი ენერგია შესძინა ჩვენს ურთიერთობებს. ორ ქვეყანას აკავშირებს ძალიან კარგი პოლიტიკური ურთიერთობა. მოხარულები ვართ სერბეთის დამოკიდებულებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საქართველო სერბეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია“, – აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის სპიკერის თქმით, უზარმაზარი პერსპექტივა არსებობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის.
„ჩვენ მსგავსი გამოწვევები გაქვს, თუმცა, გვაქვს მსგავსი მიზნებიც. ჩვენი საერთო საგარეო პოლიტიკური მიზანი არის ევროპული ინტეგრაცია და მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთო მიზნის მისაღწევად, ერთად ვიდგეთ. ასევე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით, სერბეთის გამოცდილების გაზიარება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს მრავალი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების უზარმაზარი პერსპეტივები და დინამიკა ძალიან პოზიტიურია. საქართველოს პარლამენტი მზად არის, გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის კავშირების განმტკიცებაში საკუთარი წვლილის შეტანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ბელგრადს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად სტუმრობს.