ირაკლი კობახიძე - საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში
საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, შეასრულოს ეროვნული ვალდებულებები პარიზის შეთანხმების განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ამ მიზნით, საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი, მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში და ხედვის განხორციელების ხელშეწყობას, რომლის თანახმად, ევროპა იქნება პირველი კონტინენტი, რომელიც ნულოვან ემისიას მიაღწევს“.
„ამ პროცესში საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, რაც მთელი საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის გამო მთავრობას არ აქვს შესაძლებლობა, აღნიშნულ რეგიონებში, რაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს შეადგენს, განახორციელოს ღონისძიებები, რომელთა მიზანია კლიმატის ცვლილების მავნე ზემოქმედების შემცირება და მისი შედეგების შემსუბუქება. კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების ზომების დაფინანსება ახალი კოლექტიური ინიციატივის ფარგლებში განსაზღვრავს, ჩაითვლება თუ არა ეს კონფერენცია წარმატებულად. ახალი მიზანი უნდა იყოს ამჟამინდელი 100 მილიარდი დოლარის ნიშნულის მნიშვნელოვანი ზრდა და გლობალური ფინანსური ნაკადების უზრუნველყოფა პარიზის შეთანხმების მიზნებთან თანხვედრის მიზნით. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ, რომ წინა კონფერენციაზე აღიარებულ იქნა, რომ განვითარებად ქვეყნებს მიმდინარე ათწლეულის ბოლომდე დაახლოებით ექვსი ტრილიონი დოლარი დასჭირდებათ კლიმატის ცვლილების ეფექტური დაძლევის მიზნით. წლევანდელი კონფერენციის შედეგად განვითარებადი ქვეყნების წვდომაც უნდა გაუმჯობესდეს კლიმატის ცვლილების გამკლავების ზომების დაფინანსებაზე და შეიქმნას აუცილებელი უნარები, რათა ამ ქვეყნებმა გაზრდილი დაფინანსების ეფექტური გამოყენება შეძლონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.