ირაკლი კობახიძე - საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის, როდესაც თან გამოხატავს სურვილს, მისწრაფებას ნატო-სკენ და თან არაწევრის მდგომარეობაშია
ირაკლი კობახიძე - საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის, როდესაც თან გამოხატავს სურვილს, მისწრაფებას ნატო-სკენ და თან არაწევრის მდგომარეობაშია

როცა არც ნატო-ს წევრი ხარ და ხარ მუდმივად კარში ჩამდგარი, რბილად რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა სარისკოა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

„თავის დროზე, თუნდაც 2008 წელს, 2011 წელს ან ნებისმიერ დროს მიღებული რომ ყოფილიყო საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება, თავისი დათქმებით, რაც შესაძლებელი იყო და რაც თავისუფლად შეიძლებოდა ტექნიკურადაც, პოლიტიკურადაც და ყველანაირად, დღეს ხომ უკრაინაში ეს ომი არ მოხდებოდა?! რა თქმა უნდა, არ მოხდებოდა, მაგრამ არ მინდა, აქ ღრმად შევიდე. ჩვენ ბევრად მეტი ვიცით და ბევრად მეტი ანალიზი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ვლაპარაკობთ. იმიტომ, რომ რაღაცების თქმა, უბრალოდ, არ შეიძლება, მაგრამ ვიტყვი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ამ მდგომარეობის დატოვება, როცა არც აქეთ ხარ და არც იქით, უბრალოდ, არ არის მიზანშეწონილი; როცა არც ნატო-ს წევრი ხარ და ხარ მუდმივად კარში ჩამდგარი, რბილად რომ ვთქვათ, ეს მდგომარეობა სარისკოა“, – განაცხადა კობახიძემ. 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როგორ შეაფასებს უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებას, რომ თუ უკრაინა ნატო-ს სამიტისგან კონკრეტულ შედეგს არ მიიღებს, შესაძლოა, ქვეყანას საკუთარი სტრატეგიის გადახედვა მოუწიოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წინასწარ პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია.

„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ომის შედეგების კონკრეტიკაზე, კონკრეტულად, როგორ დასრულდება ეს ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება პრაგმატულ პოლიტიკას, ხოლო რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, ეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მთავარია, გაწევრიანების პროცესი დიდხანს არ გაიწელოს.

„მთავარია, პირიქით, ისე არ გაიწელოს ეს პროცესი, რომ თვითონ ეს პროცესი გახდეს რისკი უსაფრთხოებისთვის. საქართველო მუდმივი რისკის ქვეშ არის. რეალურად, ეს ასეა. ანუ, ვიდრე თან გამოხატავ მისწრაფებას წევრობისკენ და თან ხარ არაწევრის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, მუდმივი რისკი გაქვს. ამიტომ, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა, მით დიდხანს შენარჩუნდება რისკები. ეს, რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ დავიტოვოთ იმედი, რომ, საბოლოო ჯამში, გლობალური პოლიტიკა ჩვენ სასარგებლოდ განვითარდება. ეს არის მთავარი“, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, როგორია ხელისუფლების მოლოდინი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წლის ბოლოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესასრულებლად ყველაფერი გააკეთა და აქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის სასარგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება.

„ტექნიკურ ნაწილში ჩვენ ვართ პირნათელი ევროკავშირის წინაშე და, შესაბამისად, თუ იქნება პოლიტიკური სურვილი, დეკემბერში, რა თქმა უნდა, ყველანაირი საშუალება აქვს ევროკავშირს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭოს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

„ვნახოთ, რა იქნება დეკემბერში. აქაც იგივეა, ზუსტად. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონულ კონტექსტზე, გლობალურ ვითარებაზე და მათ შორის, ომის მდგომარეობა როგორი იქნება დეკემბრისთვის. გადაწყვეტილება მთლიანად ამის მიხედვით იქნება მიღებული. ასევე, რამდენიმე ფაქტორია – თუ საქართველოში ხელისუფლების და საზოგადოების სიმყარე დაინახეს, რომ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე მყარად დგას როგორ ხელისუფლება, ასევე საზოგადოება, ამ შემთხვევაში მეტი შანსი იქნება, რომ მოგვანიჭონ კანდიდტის სტატუსი, ხოლო თუ ქვეყნის შიგნით ოდნავ რყევას დაინახავენ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ძალებს ექნებათ იმის ინტერესი, რომ სტატუსი არ მოგვანიჭონ, იმიტომ, რომ ეს იქნება ვითარების არევისთვის ძალიან კარგი, ნოყიერი ნიადაგის შემქმნელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.