ირაკლი კობახიძე - საქართველო და ბულგარეთი ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ხიდს ქმნიან
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო და ბულგარეთი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ხიდს ქმნიან, შავი ზღვისა და ფართო რეგიონის პოტენციალის სრულად ასათვისებლად კი, ამ შესაძლებლობის გამოყენება აუცილებელია.
ირაკლი კობახიძემ საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობაზე ბულგარელ კოლეგასთან ცვეტა კარაიანჩევასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
კობახიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.
„ბულგარელ კოლეგას ბულგარეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადეთ. საქართველო ამ თვალსაზრისით აფასებს ბულგარეთის, როგორც ნატო-ს საკონტაქტო საელჩოსა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის ძალისხმევას. სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმები გავაცანით, რომლებიც მიზნად საქართველოში დემოკრატიის გამტკიცებას, კეთილდღეობის ზრდას, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს. უკვე 26 წელია, რაც ქვეყნებს შესანიშნავი პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. თუმცა, ამის მიღმა, ჩვენს ხალხებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ, რასაც ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. მინდა, ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზი 1083 წელს ძმები ბაკურიანიძეების მიერ დაფუძნებულ პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვოს მონასტერს გავუსვა, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის კულტურული ერთობის და სულიერი მემკვიდრეობის სიმბოლოს წარმოადგენს”, – აღნიშნა სპიკერმა.
ირაკლი კობახიძე გამოსვლისას იმ მემორანდუმსაც გამოეხმაურა, რომელსაც მხარეებმა ხელი დღეს მოაწერეს.
„ამგვარი დინამიური და მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, პარლამენტებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, რომლითაც ორმხრივ საპარლამენტო დიალოგს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანთ და სხვადასხვა სფეროებში სამომავლო თანამშრომლობას საფუძველს ჩავუყრით”, – განაცხადა კობახიძემ.