ირაკლი კობახიძე - საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრის დასახელების შემდეგ გახდება ცნობილი, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ რომელიმე კანდიდატს
ჩვენ შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს ან შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე
ჩვენ გყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ აცნობიერებს ქართველი საზოგადოებისა და ამომრჩევლების უმრავლესობის წინაშე პასუხისმგებლობას, რომლებმაც არჩევნებში მხარი დაუჭირეს „ქართულ ოცნებას“.
„ამის გათვალისწინებით „ქართულ ოცნებას“ უსათუოდ ექნება მკაფიო პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს ან შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიურობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული და დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, როდესაც დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი. „ქართული ოცნება“ 2012 წლიდან მყარად ამკვიდრებს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს. ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება შეიტანს უმნიშვნელოვანეს წვლილს პრეზიდენტის ინსტიტუტის განვითარების სწორი ტრადიციის ჩამოყალიბებაში, რაც არის აუცილებელი პირობა, რომ განვითარდეს ქმედითი საპარლამენტო დემოკრატია საქართველო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.