ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური მდივანს, მარტინ ჩუნგონგს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და საპარლამენტთაშორისო კავშირს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირი კარგი პლატფორმაა სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტთან ურთიერთობის დამყარებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
მისივე თქმით, აღნიშნულ პლატფორმას საქართველოს პარლამენტი წარმატებით იყენებს.
ირაკლი კობახიძემ მარტინ ჩუნგონგს საქართველოს პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების კუთხით მიმდინარე რეფორმები გააცნო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლის გაძლიერებას ითვალისწინებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნება, საქართველოს პარლამენტმა საკუთარ გამოცდილება სხვა ქვეყნების პარლამენტებსაც გაუზიაროს.
ასევე, შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას.
შეხვედრაზე მხარეები აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.