ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
პარტა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში მონაწილეობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, რომელიც დღეს გაიხსნა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი.
სესიას მიმართავს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი. პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დებატები გაიმართება მაისში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე. ასევე, გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.
„საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, რომელიც 27 აპრილის ჩათვლით გაიმართება, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას. დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან სხვადასხვა კომიტეტში“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.