ირაკლი კობახიძე - საოლქო კომისიებთან აქციები მოწმობს, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების მიზანი არ არის რამეს დაზუსტება, ვინაიდან ხმების გადათვლა დაადასტურებს ცესკო-ს მონაცემებს
საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე აქციები მოწმობს, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების მიზანი არ არის რაიმეს დაზუსტება, ვინაიდან ხმების გადათვლა დაადასტურებს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს.
კობახიძის განცხადებით, ხმების გადათვლა დაადასტრებს, რომ ოპოზიციას არ ჰქონდა ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების გაპროტესტების საფუძველი.
„აქციები, რომელიც ტარდება საოლქო საარჩევნო კომისიების წინ, მოწმობს, რომ ამ პოლიტიკური სუბიექტების რეალური მიზანი საერთოდ არ არის რაიმეს დაზუსტება. პირიქით, მათ ეშინიათ დაზუსტების იქიდან გამომდინარე, რომ ხმების გადათვლა დაადასტურებს იმ შედეგებს, რომელიც საბოლოო ჯამში დაფიქსირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ვგულისხმობ წინასწარ მონაცემებს. ანუ გამოვა ისე, რომ რასაც ისინი აპროტესტებდნენ, იყო სრული ფარსი. ანუ რეალურად, მათ არ ჰქონდათ არანაირი საფუძველი იმ მონაცემების გაპროტესტებისთვის, რომელიც გამოქვეყნდა ცესკო-ს მიერ. სწორედ ამიტომ ისინი ახორციელებენ დესტრუქციას და მიმართავენ ასეთ ქმდებებს, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არჩევნები რეალურად ჩატარდა სათანადოდ და დაზუსტებაც ამ ყველაფერს აჩვენებს. აქედან გამომდინარე ამ პოლიტიკურ სუბიექტებს უნდა მოვუწოდოთ, რომ იმოქმედონ ისე, როგორც შეშვენის პოლიტიკურ კულტურას ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. ასეთ კულტურას ისინი სამწუხაროდ, დღეს ვერ ავლენენ. საჭიროა, მათ შეიცვალონ დამოკიდებულება პოლიტიკისა და საკუთარი ქცევისადმი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, თბილისსა და რამდენიმე რეგიონში საოლქო საარჩევნო კომისიებთან ხმაური და დაპირისპირებაა. ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომაზე დასწრებას ითხოვენ, სადაც საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი