ირაკლი კობახიძე - საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით, რუსეთი იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას, ამის ბოლო შემთხვევა ტატუნაშვილის წამებით გარდაცვალებაა
რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებზე და გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას არჩილ ტატუნაშვილზეც ისაუბრა.
„დღესდღეობით, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%; არაკანონიერად ჰყავს განთავსებული შეიარაღებული ძალები ოკუპირებული ტერიტორიებზე; ხელს უწყობს საოკუპაციო რეჟიმის შენარჩუნებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; და ამ საოკუპაციო რეჟიმის დახმარებით გამუდმებით არღვევს ადამიანის უფლებებს – იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას (უახლესი შემთხვევა იყო არჩილ ტატუნაშვილის გატაცება, რომელიც წამების შედეგად გარდაიცვალა ცხინვალში), ზღუდავს თავისუფლად გადაადგილების უფლებას ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ართმევს ბავშვებს მშობლიურ ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლებას“,- განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, რუსული შეიარაღებული ძალები ატარებენ ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიკას.
„აღმართავენ მავთულხლართებს, რომლებიც არა მხოლოდ თავისუფლად გადაადგილებას ზღუდავას, არამედ იწვევს სამწუხაროდ არაკანონიერად ჰყოფს შუაზე სოფლებს და ზოგჯერ ოჯახებსაც კი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იძულებით გადაადგილებული პირებიცა და ის მოსახლეობაც, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავის გადარჩენისა და ძირითადი კეთილდღეობის უდიდესი გამოწვევის წინაშე დგანან.
აღნიშნული სიტუაცია გადაულახავ დაბრკოლებას უქმნის იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში დაბრუნებას, და წარმოშობს იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი ტალღის საფრთხეს.
ეს ყველაფერი ხდება გაეროს გენერალური ასამბლეის იმ დადგენილებების მიუხედავად, რომლებიც ადასტურებენ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას, მშვიდობიანად და ღირსეულად დაბრუნდნენ სახლებში, რომლებიც ადასტურებენ ძალისმიერი დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობასა და საკუთრების უფლებებს“,- განაცხადა კობახიძემ.