ირაკლი კობახიძე - სანქციებზე დიპლომატიური რეაგირება მთავრობის პრეროგატივაა, თუმცა მე ემოციებს არ ავყვებოდი და შევინარჩუნებდი ცალმხრივ მეგობრობას უკრაინის ხელისუფლებასთან
ზოგადად, ასეთ ნაბიჯებს სჭირდება რეაგირება, მაგრამ რა ტიპის უნდა იყოს ეს რეაგირება, არ ვიცი. ეს არის უპირატესად აღმასრულებელი ხელისუფლების ამოცანა, რომ ასეთ საკითხებზე იმსჯელოს. მე ემოციებს არ ავყვებოდი და რა თქმა უნდა, ცალმხრივ მეგობრობას შევინარჩუნებდი უკრაინის ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაზე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესების შესახებ და ხომ არ არის მოსალოდნელი ელჩის თუნდაც კონსულტაციებისთვის გამოწვევა.
„ეს არის მთავრობის, პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის პრეროგატივაა და რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მე არ ვიჩქარებდი და მაინც დავრჩებოდი ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში უკრაინის ხელისუფლებასთან ერთი მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები უკრაინელ ხალხთან, ეს ხალხი და ეს ქვეყანა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რადგან არის ომი უკრაინაში. აქედან გამომდინარე, მე ემოციებს არ ავყვებოდი და რა თქმა უნდა, ცალმხრივ მეგობრობას შევინარჩუნებდი უკრაინის ხელისუფლებასთან. თუმცა, როგორი იქნება დიპლომატიური რეაგირება არის დიპლომატიური უწყების, მთავრობის, პრემიერის, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა“, – განაცხადა კობახიძემ.
ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, საქართველოს ოთხ მოქალაქეს სანქციები დაუწესდა.