ირაკლი კობახიძე - სანქციები შეიძლება დაწესდეს რაღაც დარღვევის სანაცვლოდ, ჩვენ არაფერს ვარღვევთ, პირიქით, ყველა ადასტურებს, რომ არ ყოფილა გადახვევა იმ პოლიტიკიდან, რომელიც გვაქვს
ირაკლი კობახიძე - სანქციები შეიძლება დაწესდეს რაღაც დარღვევის სანაცვლოდ, ჩვენ არაფერს ვარღვევთ, პირიქით, ყველა ადასტურებს, რომ არ ყოფილა გადახვევა იმ პოლიტიკიდან, რომელიც გვაქვს

სანქციები შეიძლება დაწესდეს რაღაც დარღვევის სანაცვლოდ. ჩვენ არაფერს ვარღვევთ. პირიქით, ყველა ადასტურებს, რომ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გადახვევა იმ პოლიტიკიდან, რომელიც ჩვენ გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე: „ელოდებიან თუ არა დასავლეთისგან სანქციებს და შესაძლებელია თუ არა, რომ აშშ-მ ქართულ კომპანიებს სანქციები დაუწესოს?“

როგორც ირაკლი კობახიძემ კითხვის პასუხად აღნიშნა, სანქციების დაწესების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ არ ვუშვებთ საქართველოში სანქციების გვერდის ავლას. იგივე ეხება, მათ შორის, ფრენებს. ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ იფრენს საქართველოში სანქცირებული თვითმფრინავები. აქედან გამომდინარე, სანქციების დაწესების არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ფრენებთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხად – „როდესაც საუბარია, რომ ფრენები ცალმხრივად რუსეთის გადაწყვეტილება იყო, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას, რეალურად, სჭირდებოდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან. რა შეთანხმებაზეა სუბარი, ვინ იყო ამ მოლაპარაკებებში ჩართული?“ – კობახიძემ აღნიშნა:

„გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ასეთივე ე.წ. დემარში განხორციელდა იუსტიციის მინისტრთან სააკაშვილთან დაკავშირებით და მაშინ ეს დემარში ეფუძნებოდა ყალბ ინფორმაციას, თითქოს სააკაშვილი 500 დღის განმავლობაში კვდებოდა. შემდეგ დადასტურდა, რომ, სამწუხაროდ, ელჩები შეცდომაში შეიყვანეს. ეს დაადასტურა, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომ. აქაც გვაქვს მსგავს შემთხვევასთან საქმე. აქაც შეცდომაში შეიყვანეს ელჩები და მათ უთხრეს, თითქოს ფრენების აღდგენა საჭიროებდა მთავრობის თანხმობას, რაც არასწორია.

მინდა, განგიმარტოთ, არავითარი თანხმობა არ იყო საჭირო. 2010 წელს, რუსეთ-საქართველოს ომიდან ორ წელიწადში, ყოფილმა ხელისუფლებამ დადო პოლიტიკური შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან, ვლადიმერ პუტინთან, რომლის მიხედვითაც, აღდგა ფრენები საქართველოში. 2010 წელს სააკაშვილმა და პუტინმა მოილაპარაკეს ფრენების აღდგენის თაობაზე და მას შემდეგ პოლიტიკური შეთანხმება ძალაშია. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური თანხმობა, მთავრობის თანხმობა ჩვენი მხრიდან არ იყო საჭირო. უბრალოდ, იყო დაწესებული ცალმხრივი სანქცია რუსეთის მიერ 2019 წლიდან და ეს ცალმხრივი სანქცია ცალმხრივად მოიხსნა, ყოველგვარი პოლიტიკური თანხმობის საჭიროების გარეშე“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა, ელჩები შეიყვანეს ზუსტად იმავე შეცდომაში, როგორც თავის დროზე სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეიყვანეს.

„საქართველოდან გაგზავნილ დოკუმენტებს რაც შეეხება, შესაბამისი ტექნიკური სააგენტოების მიერ იგზავნება სამი ტექნიკური დოკუმენტი, ანუ არა – პოლიტიკური უწყებების მიერ. ეს არის ავიაციის სააგენტო და ასე შემდეგ, რომლითაც ტექნიკურად დასტურდება, რომ ფრენების მიღება შესაძლებელია, ტექნიკურად. დამთავრებულია. 2010 წლიდან მოყოლებული, მაშინ ეს დაადასტურა თავად თამაზ გაიაშვილმა, რომელიც ფლობს შესაბამის კომპანიას, მიხეილ სააკაშვილმა მას პირადად სთხოვა მოსკოვში ჩასვლა. სააკაშვილის თხოვნით დაიწყო პოლიტიკური მოლაპარაკებები ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ეს ხდებოდა რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან ორი წლის თავზე და მაშინ შედგა პოლიტიკური შეთანხმება სააკაშვილსა და პუტინს შორის. სააკაშვილის თხოვნით აღდგა ფრენები რუსეთ-საქართველოს შორის, ჩვენი ომიდან ორი წლის თავზე. შესაბამისად, არავითარი ახალი პოლიტიკური შეთანხმება არ იყო საჭირო. იგზავნება მხოლოდ ტექნიკური დოკუმენტები, რითიც შენ ადასტურებ, რომ ფრენების მიღება ტექნიკურად არის შესაძლებელი. მთავრობის არავითარი თანხმობა არ ყოფილა. აქაც, სამწუხაროდ, ელჩები შეიყვანეს ზუსტად იმავე შეცდომაში, როგორც თავის დროზე სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეიყვანეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.