ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, ლგბტ-პროპაგანდას აქვს ფართო მხარდაჭერა, დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული მოთხოვნები, რომ იმავე ბავშვებში ლგბტ-პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, ლგბტ-პროპაგანდას აქვს ფართო მხარდაჭერა, დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული მოთხოვნები, რომ იმავე ბავშვებში ლგბტ-პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი

თავის დროზე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს კვლევაზე, რომელიც ლგბტ-თემთან დაკავშირებით 30 ქვეყანაში ჩატარდა.

კობახიძის თქმით, პროპაგანდას აქვს გავლენა ადამიანების ქცევაზე და სწორედ ამის დადასტურებაა სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბავშვებში ლგბტ-პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია.

„სტატისტიკა ვნახეთ, აშშ-ში 18-იდან 25 წლამდე მოსახლეობის 20 პროცენტი არის ლგბტ-პირი, საფრანგეთში – 22 პროცენტი. არის ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას ვერ ექნებოდა გავლენა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს არის ტყუილი. რა თქმა უნდა, პროპაგანდას აქვს გავლენა ადამიანების ქცევაზე და სწორედ ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა – ამერიკაში 20 პროცენტი, საფრანგეთში 22 პროცენტი, კიდევ მთელი რიგი ევროპული ქვეყნებია, სადაც უფრო მაღალია მაჩვენებელი. ეს შემაშფოთებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, მით უმეტეს, როცა ამ პროპაგანდის ადრესატი არიან ბავშვები. ბავშვებში ლგბტ-პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, – „კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ ხომ არ ითხოვს დასავლეთი ლგბტ-პროპაგანდის მხარდაჭერას?“ – კობახიძე ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ლგბტ პროპაგანდას აქვს ფართო მხარდაჭერა და იმედია, საქართველოს მიმართ არ წამოვა ასეთი მოთხოვნები.

„ჩვენ ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, ლგბტ-პროპაგანდას აქვს ძალიან ფართო მხარდაჭერა. ეს არის ძალიან სამწუხარო და იმედია, ჩვენი ქვეყნის მიმართ არ წამოვა ასეთი მოთხოვნები. ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს. დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნები, რომ მაინც და მაინც იმავე ბავშვებში ლგბტ-პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის იქნებოდა მიუღებელი. მაგალითად, ესტონეთში გუშინ დაკანონდა ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ამას მოჰყვა ძალიან ხმამაღალი შეფასებები სახელმწიფოების მხრიდან.

ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არის არაჩვეულებრივი შემოქმედი, ხელოვანი კაცი, ძალიან დიდ პატივს ვცემთ ყველა მას, როგორც ხელოვანს და შემოქმედს. ხვალაც მოვუწოდებ ყველას, რომ თუ სადმე იქნება ელტონ ჯონის კონცერტი, ამ კონცერტზე წავიდნენ, რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება ამ ყველაფერთან? აქ საუბარია იმაზე, რომ ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს ლგბტ-პროპაგანდა, კონკრეტული ჩანაწერები იყო, რომლებიც შეიცავდა ლგბტ-პროპაგანდას. რა ვიცი, ხვალ შეიძლება, მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე, რა შუაშია აქ ელტონ ჯონი და მისი შემოქმედება? აქ პრობლემა არის ის, რომ „მაკდონალდსის“ მეშვეობით ბავშვებს შეაპარეს ლგბტ-პროპაგანდა შესაბამისი ტექსტებით, ამაზეა საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.