ირაკლი კობახიძე - სამწუხაროდ, გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია, მათი თვითმიზანია ყველაფრის, მათ შორის ისეთი რამის გაკრიტიკება, რაზეც საერთაშორისო პარტნიორებიც თანხმდებიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამომრჩევლის იძულების, მუქარის ნაწილში ნორმები აქამდეც არსებობდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ინიციატივა გულისხმობს ბევრად მკაფიო და მკაცრ რეგულაციებს, მათ შორის სანქციების გამკაცრებას, რაც საარჩევნო გარემოს უფრო გააუმჯობესებს.
მისივე თქმით, 2018 წლის პრაქტიკა მეტყველებს, რომ არა მხოლოდ ქაღალდზეა ყველაფერი სწორად დაწერილი, არამედ პრაქტიკაც შესაბამისია.
„ეს ცვლილებები თუ ისეთია, რომელიც მოსწონს საერთაშორისო თანამეგობრობას და თუ ამით ჩვენ თავს ვიწონებთ, გამოდის, რომ ძალიან კარგი ყოფილა. შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმას, რომ კანონპროექტი თავისი შინაარსით ემსახურება საარჩევნო კოდექსის შემდგომ დახვეწას და საარჩევნო გარემოს დახვეწას, აქ ყველაფერი ნათელია. 2018 წელს დაფიქსირდა არაერთი, ათეულობით სამართალდარღვევა, რასთან დაკავშირებითაც, მათ შორის რამდენიმე ათეულობით საქმეზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მთელ რიგ საქმეებზე დადგა სისხლის სამართლებრივი განაჩენი, მათ შორის დაახლოებით ნახევარზე მეტი შემთხვევა იყო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების. შესაბამისად, კანონი არა მხოლოდ დახვეწილია, არამედ კანონი მუშაობს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელივანია.
2018 წლის პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, რომ არა მარტო ქაღალდზეა ყველაფერი სწორად დაწერილი, არამედ პრაქტიკაც შესაბამისია. რაც შეეხება ნორმებს, რა თქმა უნდა, ნორმები აქამდეც მოქმედებდა, მათ შორის იძულების, მუქარის ნაწილში, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ბევრად მკაფიო და მკაცრი რეგულაციები, მათ შორის სანქციების ნაწილშიც გვაქვს გამკაცრება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოში საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდება. აქედან გამომდინარე, კრიტიკას საფუძველი არ აქვს. ეს კანონპროექტი გავლილია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია. სამწუხაროდ, გვყავს დესტრუქციული ოპოზიცია და მათი თვითმიზანია ყველაფრის გაკრიტიკება, მათ შორის ისეთი რამისაც, რაზეც ყველა ვთანხმდებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის ალტერნატიულ წინადადებას, კობახიძის თქმით, საარჩევნო კოდექსში აისახა ყველაფერი, რაც საჭირო და სწორი იყო.
„მათ შორის ჯერ მაშინ, როდესაც ჩვენ ზედმიწევნით გავითვალისწინეთ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და მოვამზადეთ ფუნდამენტური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ეს ახალი რეგულაციები დამატებით ემსახურება საარჩევნო კოდექსის დახვეწას. შესაბამისად, ყველაფერი, რაც იყო სწორი და მნიშვნელოვანი, აისახება და აისახა საარჩევნო კოდექსში“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ ინიციატივით, გამოვიდა, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნოდ მოსყიდვის, ამომრჩევლის იძულებისა და დაშინების ფაქტებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან არავინ დასჯილა და რეალური პრობლემა აღსრულებაშია.