ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის
სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა 26 მაისის ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შეფასებისას.
კობახიძის თქმით, დღეს ყველამ უნდა ისაუბროს ეროვნულ ამოცანებზე.
„არ მინდა, რაღაც განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთო ამ განცხადებებთან დაკავშირებით. ზოგადად, სამწუხაროა, როდესაც 26 მაისი, რომელიც არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, გამოიყენება პოლიტიკური განცხადებებისთვის. ეს არ არის პოლიტიკური განცხადებების დღე, ეს არის დღესასწაული, სადაც ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ არა პოლიტიკაზე ვიწრო გაგებით, არამედ საერთო ეროვნულ ამოცანებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი სურვილია, ყველას ჰქონდეს კეთილდღეობის ის ხარისხი, რასაც თითოეული მოქალაქე იმსახურებს.
„ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამისთვის ვიზრუნოთ, ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ყველამ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.