საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე შეხვდება ავსტრიის ეროვნული საბჭოს პირველ პრეზიდენტ ვოლფგანგ სობოტკას, ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ ინგო აპპეს და ავსტრიის ეროვნული საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროკავშირთან ურთიერთობის ქვეკომიტეტისა და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს.
შეხვედრები გაიმართება ეუთო-ს გენერალურ მდივან თომას გრემინგერთან, ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის, რეფორმებისა და დარეგულირების ფედერალურ მინისტრ თომას მოზერთან და ავსტრიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრ ჰერბერტ კიკლთან.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენის დიპლომატიურ აკადემიას ეწვევა, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართავს. ირაკლი კობახიძე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ ისაუბრებს.
ასევე, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ავსტრიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ლელა ქებურია და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში ხვალ დასრულდება.