ირაკლი კობახიძე - სამთავრობო პროგრამა, მაქსიმუმ, ხვალ წარედგინება პარლამენტს, პროგრამაში ყველა პრიორიტეტი იქნება ასახული, საუბარია ათთვიან პროგრამაზე
ირაკლი კობახიძე - სამთავრობო პროგრამა, მაქსიმუმ, ხვალ წარედგინება პარლამენტს, პროგრამაში ყველა პრიორიტეტი იქნება ასახული, საუბარია ათთვიან პროგრამაზე

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამთავრობო პროგრამა, მაქსიმუმ, ხვალ წარედგინება ოფიციალურად საქართველოს პარლამენტს, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მისივე თქმით, პროგრამაში ასახული იქნება აბსოლუტურად ყველა პრიორიტეტი.

„საუბარია არსებითად 10-თვიან პროგრამაზე. მას შემდეგ, რაც მოვიგებთ ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს, იქ უკვე წარვადგენთ ახალ, განახლებულ, ოთხწლიან ჯერ – საარჩევნო და შემდეგ სამთავრობო პროგრამას. აქედან გამომდინარე, პირველი რიგის ამოცანა იქნება იმ პრინციპების ბოლომდე მიყვანა, რაც დაწყებულია არსებული სამთავრობო პროგრამის ფარგლებში. არის ძალიან დიდი, მსხვილი პროექტები, იმავე უმსხილესი ავტობანის პროექტი, რომელიც წელს ბოლომდე არის მისაყვანი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ამ ღონისძიებებზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ინიციატივების ბოლომდე მიყვანაზე, თუმცა ასევე საუბარი გვექნება, როგორ მოვემზადებით შემდეგი სამთავრობო ფაზისითვის. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი ჩვენს პროგრამაში და შემდგომ უკვე ჩვენს გამოსვლებში, როდესაც წარვდგებით საქართველოს პარლამენტის წინაშე“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება კითხვას, – „რატომ არ გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი სიტყვით ყრილობაზე?“ – ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად იყო ჩართული ყრილობის დღის წესრიგის შედგენაში და მისი სურვილი იყო, ყრილობა წარმართულიყო ისეთი დღის წესრიგით, როგორც ჩატარდა.