ირაკლი კობახიძე - სამი წლის თავზე 30%-ზე მეტით გაიზარდა ჩვენი რეალური ეკონომიკა, რაც არის ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი
რეალური ეკონომიკური ზრდა ამ სამი წლის განმავლობაში იყო 30%-ზე მეტი. ანუ საშუალო ზრდა გვქონდა 9,7%, საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს, რომ სამი წლის თავზე 30%-ზე მეტით გაიზარდა ჩვენი რეალური ეკონომიკა. ეს ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ვახტანგ მეგრელიშვილის კითხვას ასე უპასუხა:
„ძალიან მარტივი საკითხია. არსებობს ნომინალური ეკონომიკური ზრდა, არსებობს რეალური ეკონომიკური ზრდა. როდესაც საუბარია ხოლმე ეკონომიკურ ზრდაზე, როგორც წესი, მოჰყავთ ნომინალური ეკონომიკური ზრდის მონაცემები. იგივე ხდება, მაგალითად, ხელფასებთან დაკავშირებითაც. ადამიანს, მაგალითად, თუ ჰქონდა 1 000 ლარი ხელფასი, სამი წლის თავზე გაუხდა ხელფასი 2 000 ლარი, ამბობენ, რომ ხელფასი გაუორმაგდა. რა თქმა უნდა, ეს თავის თავში მოიცავს ინფლაციასაც, ანუ აქ არის ინფლაციის წილიც, მაგრამ ხელფასის ზრდა აღინიშნება ხოლმე ნომინალში, ეს არის მიღებული პრაქტიკა. ზუსტად იგივე განსხვავებაა ნომინალურ ეკონომიკურ ზრდასა და რეალურ ეკონომიკურ ზრდას შორის.
რაც შეეხება კონკრეტულად რეალურ ეკონომიკურ ზრდას. რეალური ეკონომიკური ზრდა ამ სამი წლის განმავლობაში იყო 30%-ზე მეტი. ანუ საშუალო ზრდა გვქონდა 9,7%, საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს, რომ სამი წლის თავზე 30%-ზე მეტით გაიზარდა ჩვენი რეალური ეკონომიკა, რაც არის ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელი. ამიტომ ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვისაუბროთ როგორც ნომინალურ ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე რეალურ ეკონომიკურ ზრდაზე. ბატონი ვახტანგი არ ესწრება, შეგიძლიათ, გადასცეთ ჩემი საუბარი, ან შეიძლება, ტელევიზიით უსმენდეს ამ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.