ირაკლი კობახიძე „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს მიმართავს, წარმოადგინოს ინფორმაცია კიდევ ერთ ხარვეზზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბოდიში მოიხადოს რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის
რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში, ე.წ. PVT-ში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგისას განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ამ დროის მანძილზე ვითარების კრიზისში შეყვანას ყოველდღიურად ცდილობდა, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მომდევნო ორი კვირის მანძილზე PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც, დამეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია.
ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას. საჯაროდ შეგნებულად არ გამოვთქვით საფუძვლიანი ვარაუდი PVT-ის მანიპულაციასთან დაკავშირებით, რასაც დახურულ შეხვედრებზე ვაფიქსირებდით. თუმცა, სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი.
პირველი – განცხადებაში აღინიშნა, თითქოს შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა. მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს – კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: „გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“,- ეს არის მათი ციტატა“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ეს შეფასება არის ისეთივე უხეშად მცდარი, როგორიც იყო PVT-ის პირველადი მონაცემები.
„ბიულეტენების მეტობა მთელი ქვეყნის მასშტაბით საბოლოოდ დაფიქსირდა 3847-დან მხოლოდ 19 უბანზე და ჭარბი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა იყო 2 მილიონამდე ბიულეტენიდან 25 ბიულეტენი.
გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ შეტანილი სარჩელებისა და გასაჩივრებული უბნების მონაცემების საფუძვლიანი ანალიზი და დავადგინეთ, რომ ბიულეტენების სიჭარბე ამ ორგანიზაციის მიერ დათვლილი საარჩევნო უბნების არათუ 8, 1%-შიც კი არ დაფიქსირებულა. PVT-ის დეტალური ანგარიშის თანახმადაც, ბიულეტენების მეტობა 1000-მდე დათვლილი უბნიდან მხოლოდ 8 უბანზე აღინიშნა, საიდანაც მეტ-ნაკლებად არსებითი დისბალანსი მხოლოდ 3 უბანზე დაფიქსირდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საარჩევნო უბნებთან მიმართებით, ცესკომ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ ყველა სარჩელი, უზრუნველყო შედეგების გადათვლა და ხარვეზის გასწორება.
17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე და მოგვიანებითაც, ჩვენ არაერთხელ ვთხოვეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს, მოეცა განმარტება ზემოაღნიშნულ 8%-იან მაჩვენებელთან დაკავშირებით, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, მისი პასუხები ისეთივე სუსტი იყო, როგორც PVT-სთან დაკავშირებით“,- აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძე ორგანიზაციის დონორებს თხოვს, „დაინტერესდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით“.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის. PVT-ის გადამოწმების მსგავსად, ამ ხარვეზის გადამოწმებასა და შესაბამისი უბნების მონაცემების გამოქვეყნებასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება.
იმედი გვაქვს, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ მონაცემების გასაჯაროებასა და უხეში ხარვეზის აღიარებას ისინი 3-4 კვირას არ მოანდომებენ. ორგანიზაციის დონორებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.