ირაკლი კობახიძე - სამარცხვინო ქმედება განახორციელა ბადრი ჯაფარიძემ, ვითომ ონში კონკრეტული „ენჯეო“ აღარ დაუჭერს მხარს ბავშვთა სტომატოლოგიურ მომსახურებას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება, იყოს
სამარცხვინო ქმედებაა, რომელიც ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია „ლელომ“ განახორციელა, ვითომ კონკრეტული „ენჯეო“ გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას. ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება, იყოს, არ ვიცი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ფეა თრიიზის“ შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ის არის „ლელოსთან“ დაკავშირებული ფონდი, რომელიც კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთანაც არის დაკავშირებული.
„რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს ზოგადად, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში და იმ საქართველოში, რომელიც ვითარდება და დღევანდელი პროექტიც არის ამის კიდევ ერთი დადასტურება.
რაც შეეხება იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელიც კონკრეტულად ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია „ლელომ“ განახორციელა, რომ ვითომ კონკრეტული „ენჯეო“ გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება, იყოს, არ ვიცი. სინამდვილეში, ეს არ არის არავითარი დამოუკიდებელი „ენჯეო“. ბორდის თავმჯდომარე ყველამ გაიგო, რომ არის ბადრი ჯაფარიძე, შესაბამისად, ეს არის „ლელოსთან“ დაკავშირებული „ენჯეო“, რომელიც კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთანაც არის დაკავშირებული, რაც ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქციელი, ვითომ „ენჯეომ“ შეუწყვიტა ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა. სინამდვილეში, ეს იყო უბრალოდ ტყუილი და ეს იყო „ლელოს“ სამარცხვინო სპეკულაცია. ეს ყველაფერი აჩვენებს, ამ პოლიტიკური პარტიების რადიკალური ოპოზიციური პარტიების სახეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.