ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილს წინასწარ გავლილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევა კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ და რა თქმა უნდა, დღეს იმპიჩმენტი ჩავარდება
წინასწარ გავლილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევა სალომე ზურაბიშვილს კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ და ბუნებრივია, იმპიჩმენტს არ ექნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, დღეს იმპიჩმენტი ჩავარდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას სამომავლოდ, ამას ჰქონდა სერიოზული, სახელმწიფოებრივი პრევენციული ეფექტი.
„დღევანდელი პროცესით ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ რამეს ვიღებთ. პირველ რიგში, ჩვენ შევინარჩუნეთ კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას სამომავლოდ, ამას ჰქონდა სერიოზული, სახელმწიფოებრივი პრევენციული ეფექტი. დადგინდა დარღვევა იქ, სადაც უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუცია და მეორე ძალიან მნიშვნელოვან რამეს ვიღებთ, მათ შორის იმ სურათით, რაც დღეს აქ გვაქვს, ლუსტრაცია იმ ალიანსისა, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის. ამაზე მეტი ლუსტრაცია რა გინდათ, პირდაპირ ალიანსშია. თავიდანვე ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას, აი, ამის ამსახველი სურათია დღეს საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. უფრო მეტიც, გუშინწინ, წარმოიდგინეთ, ასეთი რაღაც თქვა, ძლიერი სურათი რომ დავდგათ, თქვენ გარეთ დარჩით, მე ვიქნები მარტო დარბაზშიო. „კარწინკაზეც“ კი ერთად თანხმდებიან სალომე ზურაბიშვილი და „ნაცმოძრაობა“ იმ დონეზე ღრმად არიან შესული ისინი ერთმანეთთან ალიანსში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა, პრევენცია და მეორე, ლუსტრაცია იმ სამარცხვინო ალიანსისა, რომელიც არის ჩამოყალიბებული სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.