ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა უღალატა კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს, მიმდინარე კვირაში დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის პრეზიდენტის სტატუსის ღირსი
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანხმობის არარსებობის პირობებში, სალომე ზურაბიშვილმა მაინც განახორციელა სამუშაო ვიზიტები გერმანიაში, საფრანგეთსა და ბრიუსელში, რითაც მან დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და განზრახ, უხეშად ხელყო საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი.
კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც ქვეყნის საშინაო, საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავენ და ახორციელებენ.
კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილმა უღალატა საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციაზე დადებულ ფიცს.
„მიმდინარე კვირაში ქართველი ხალხის მიერ 2020 წელს არჩეული დეპუტატების უმრავლესობა დაადასტურებს, რომ ის აღარ არის ღირსი, საქართველოს პრეზიდენტის მაღალ სტატუსს ატარებდეს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.